რუსი ჰაკერები

Reuters: ბრიტანეთში 2019 წელს საიდუმლო დოკუმენტები რუსმა ჰაკერებმა გაასაჯაროეს

Reuters

2019 წელს, წინასაარჩევნოდ, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ გასაიდუმლოებული დოკუმენტები ვაჭრობისა და ინვესტიციების ყოფილი მინისტრის ლიამ ფოქსის ელექტრონული ფოსტიდან მოიპარეს და გაავრცელეს. როგორც Reuters-ს ანონიმურმა წყაროებმა აცნობეს, კიბერთავდასხმაში რუსი ჰაკერები არიან ეჭვმიტანილები.

ანონიმური წყაროების ინფორმაციით 2019 წლის 12 ივლისიდან 21 ოქტომბრამდე ჰაკერებმა რამდენჯერმე მოახერხეს ლიამ ფოქსის ანგარიშში შეღწევა. წყაროს არ დაუსახელებია რაიმე ორგანიზაცია ან ჯგუფი, თუმცა აღნიშნა, რომ კიბერთავდასხმას რუსული სამთავრობო სამსახურების ხელი ეტყობოდა.

მოპარული დოკუმენტები დეტალურად აღწერდა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სავაჭრო მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულების დეტალებს. გასულ წელს დიდ ბრიტანეთში არჩევნების წინ ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში დეზინფორმაციის რუსულმა კამპანიამ გაავრცელა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ საკითხზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება და მიზანშეუწონლად მიიჩნია დამატებით კომენტარის გაკეთება.

კიბერთავდასხმა ვაჭრობისა და ინვესტიციების ყოფილი მინისტრის ელექტრონული ფოსტის ანგარიშზე და შემდგომ არჩევნების წინ გასაიდუმლოებული დოკუმენტების გავრცელება კიდევ ერთი მაგალითია იმისა,თუ როგორ ცდილობს რუსეთი დიდი ბრიტანეთის პოლიტიკაში ჩარევას.

მოსკოვი უარყოფს რაიმე სახის ჩარევას დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს საფრანგეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის არჩევნებში, თუმცა გასულ თვეს გამოქვეყნდა საპარლამენტო ანგარიში, რომლშიც ლაპარაკია რუსეთის ჩარევაზე 2014 წლის შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმსა და 2016 წელს ბრექსითის რეფერენდუმში.

კრემლს სავაჭრო დოკუმენტების გავრცელებაზე და ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები