არჩევნები 2020

ISFED: პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაშვების შემთხვევა 5 მუნიციპალიტეტში გამოვლინდა

yalt.crcna.org/

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდში ხუთ მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში შეიმჩნევა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა გათავისუფლება, რაც, სავარაუდოდ, უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიის უფრო ეფექტიანად წარმართვის მიზანს და, ამ პროცესში, მერის წარმომადგენელთა ჩართულობას. სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებმა, მსგავსი ფაქტები ხუთ მუნიციპალიტეტში, ზუგდიდში, მარტვილში, ტყიბულში, ჭიათურასა და თბილისში გამოავლინეს.

მარტვილი

მარტვილში, მერის წარმომადგენლებს რამდენიმე სოფელში აღარ გაუგრძელეს ხელშეკრულება, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია, საარჩევნოდ უფრო გამოცდილი კადრებით ჩანაცვლებაზე.

მარტვილის მერიის ცნობით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში 2020 წლის 18 თებერვალს შესული ცვლილების შესაბამისად, მერის წარმომადგენლები და სხვა პირები განისაზღვრნენ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად. ამიტომ მარტვილის მერიამ 2020 წლის 6 აპრილს მერის წარმომადგენლებთან გააფორმა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მოქმედების ვადად განსაზღვრა 2020 წლის 24 ივნისი. შესაბამისად, ვადის ამოწურვის შემდეგ მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთხ წარმომადგენელს არ გაუფორმდა ახალი ხელშეკრულება. მოწოდებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ლაპარაკია ვედიტკარის, თამაკონის, ინჩხურისა და ონოღიის თემის რწმუნებულებზე.

სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელი დაუკავშირდა ონოღიის თემში მერის ყოფილ წარმომადგენელს, რომელმაც აღნიშნა, რომ სამსახურის დატოვება მისთვისაც მოულოდნელი იყო წინასაარჩევნო პერიოდში. ის ფიქრობდა, რომ, მინიმუმ, ოქტომბრის ბოლომდე გაუხანგრძლივდებოდა ხელშეკრულების ვადა. საუბრისას მან ღიად არ გამოხატა, თუ რას თვლიდა გათავისუფლების მოტივად.

ზუგდიდი

მერის წარმომადგენლებს ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც. როგორც ზუგდიდის მერის წარმომადგენელმა სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელთან აღნიშნა, 8 ადმინისტრაციულ ერთეულში, მათ შორის: ჭითაწყაროში, ჯიხასკარში, ცვანეში, კახათში, ახალკახათში, გრიგოლეთში, შამგონასა და ანაკლიაში, მერის წარმომადგენლებს, პირველი აგვისტოდან აღარ გაუგრძელდათ ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რაც ეცნობათ ერთი თვით ადრე. ლელო საქართველოსთვის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, განთავისუფლების ძირითად მიზეზად, ამ სოფლებში ოპოზიციური ძალების მეტ მხარდაჭერას ასახელებს.

ტყიბული

2020 წლის 14 ივლისიდან მერის წარმომადგენელი ცუცხვათის ადმინისტრაციულ ერთეულში მურმან კუპრაშვილი ადმინისტრაციული ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. 2020 წლის 13 ივნისიდან მერის ბრძანებით ყველას გაუგრძელდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების ვადა - ნათქვამია მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში. სხვა წარმომადგენელებს ვადა გაუგრძელდათ ერთ თვეზე მეტ ხანს. მურმან კუპრაშვილმა სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამ ეტაპზე ასეა საჭირო.

ჭიათურა

სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლისთვის ცნობილი გახდა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ზოდის, ხვაშითის, წირქვალის და ნიგოზეთის ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შრომითი ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელდათ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხის თანახმად, ბოლო სამი თვის განმავლობაში 16 ადმინისტრაციული ერთეულიდან საკადრო ცვლილება განხორციელდა 6 ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო ცვლილებებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის გაცემაზე მერიამ უარი განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის დაცვის მოტივით.

თბილისი

17 ივლისს თბილისის კეთილმოწყობის სამსახურიდან გაანთავისუფლეს მეეზოვე ხათუნა ასკარგიზი. გათავისუფლების მიზეზად თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელობამ, გაფრთხილების გარეშე გაცდენები დაასახელა. კოორდინატორი დაუკავშირდა დასუფთავების სამსახურს, სადაც განაცხადეს, რომ ხათუნა ასკარგიზს დისციპლინური გადაცდომა უფიქსირდება.

ხათუნა ასკარგიზის თქმით, იგი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, რადგან მონაწილეობა მიიღო 14 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში სასმელი წყლის მოთხოვნის მიზნით გამართულ აქციაში. აქციაზე იმყოფებოდნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. ხათუნა ასკარგიზი მთავარ არხს სოფლის პრობლემებზე ესაუბრა. ერთი თვის შემდეგ, 17 ივლისს, ასკარგიზი ჯანმრთელობის პრობლემის გამო სამსახურში არ გამოცხადდა. იმავე დღეს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა, თამაზ მელიქიშვილმა აცნობა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული იყო.

ასკარგიზი 10 წლის განმავლობაში მუშაობდა თბილისის კეთილმოწყობის სამსახურში და მას არცერთი გაფრთხილება არ ჰქონია მიღებული ამ ხნის განმავლობაში. ასკარგიზის თქმით, მისი ოჯახი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას განიცდის პოლიტიკური შეხედულებების გამო. მისი მეუღლე ჯამბულ სიონოღლი წლების მანძილზე, თბილისის კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობდა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სოფელ ხიდისყურში გაერთიანებული ოპოზიციის კოორდინატორობა ჩააბარეს. არჩევნების შემდგომ ნახევარი საათით დაგვიანება სამსახურიდან მისი გათავისუფლების მიზეზი გახდა. ხაათუნა ასკარგიზის თქმით, 11-სულიანი ოჯახი უშემოსავლოდ დარჩა და მათ სოციალური დახმარება ესაჭიროებათ.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის II შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა ჩატარებულია 2020 წლის 5 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით.

კომენტარები