აშშ-ჩინეთი

ჩინეთი აშშ-ს მიერ "ჟურნალისტებისადმი მტრული ქმედებებისთვის" სამაგიეროს გადახდით იმუქრება

Nikkei

4 აგვისტოს ჩინეთში განაცხადეს, რომ ჩინეთი ვაშინგტონს სამაგიეროს გადაუხდის იმ შემთხევაში, თუ ვაშინგტონი შეერთებულ შტატებში ჩინელი ჟურნალისტების წინააღმდეგ "მტრულ ქმედებებს" გააგრძელებს. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ვანგ ვენპინის თქმით, სამინისტრომ იცის, რომ მაისიდან აშშ-ში მყოფი არცერთი ჩინელი ჟურნალისტისთვის ვიზა არ განუახლებიათ მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა მათ 90 დღემდე შეუზღუდა ვიზა გაგრძელების ვარიანტით.

მაისში აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ახალი წესებით,  დეპარტამენტს ჩინელი ჟურნალისტების ვიზის აპლიკაციის განხილვა უფრო ხშირად შეეძლება. ეს, სავარაუდოდ, აშშ-ში ჩინელი ჟურნალისტების რაოდენობას შეამცირებს.

"ეს უფრო დიდ ეროვნულ უსაფრთხოებას მოიტანს," - ამბობს ანონიმური წყარო. 

23 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საგარეო დიპლომატიური მისიების სიაში კიდევ 4 ჩინური მედიაორგანიზაცია შეიყვანა, რადგან მიიჩნევს, რომ მათ ჩინეთის კომუნისტური პარტია აკონტროლებს.

Xinhua, China Global Television Network, China Radio International და China Daily კომუნისტური სახელმწიფოს აგენტებად და საგარეო მისიებად მიმდინარე წლის 18 თებერვალს გამოცხადდა.

2 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში ჩინეთის მთავარ სახელმწიფო მედიასააგენტოებში მომუშავე ჩინელი პერსონალის რაოდენობაზე ზედა ზღვარი დააწესა.

ამ ქმედებების პასუხად ჩინეთმა სამი ამერიკული გამოცემის ჟურნალისტებს პრესის აკრედიტაცია ჩამოართვა, მათ შორის, The New York Times-ის, Wall Street Journal-ისა და Washington Post-ის ჟურნალისტებსაც.

ამერიკელი ჟურნალისტების ნაწილს აკრედიტაციებს ვადა 2020 წელს გასდის. ჩინეთში განაცხადეს, რომ ჟურნალისტებს აკრედიტაციებს აღარ გაუგრძელებენ. მიზეზად დაასახელეს აშშ-ს მიერ ჩინური მედიისათვის დაწესებული შეზღუდვები.

ჩინეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ხსენებულმა სამმა გამოცემამ, ასევე Time-მა და ამერიკის ხმამ წერილობითი ფორმით უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია ჩინეთში მათი თანამშრომლების, ფინანსების, ოპერაციებისა და საკუთრების შესახებ.

ჩინეთი 2019 წლის მედიათავისუფლების ინდექსით 180 ქვეყნიდან 177-ე ადგილს იჭერს და უსწრებს მხოლოდ ერიტრეას, ჩრდილოეთ კორეასა და თურქმენეთს.

გასული წლის სექტემბერში ჩინეთში გამოაცხადეს, რომ ჩინეთში პრესბარათის ასაღებად პრეზიდენტისადმი ერთგულების ტესტის ჩაბარება იქნება საჭირო.

კომენტარები