საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო ემხრობა ყველა რელიგიური ჯგუფისთვის საბჭოთა დროინდელი ზიანის ანაზღაურებას

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო ყველა რელიგიური ჯგუფისთვის საბჭოთა დროინდელი ზიანის ანაზღაურებას ემხრობა. ამის შესახებ საპატრიარქომ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

განცხადებაში ნათვამია, რომ 14 ივლისს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობაში კავშირი "21-ე საუკუნის" ინიციატივით გაიმართა ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელშიც საპატრიარქოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრაზე მხარი დაუჭირეს ამ ორგანიზაციის მიერ საქართველოს მთავრობის #117 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის პროექტს, რაც ყველა იმ რელიგიური გაერთიანებისთვის, რომელთაც საბჭოთა პერიოდში მიადგათ ზარალი, კომპენსაციის მიცემას გულისხმობს.

"ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის მხარს უჭერდა ზემოაღნიშნულის განხორციელებას. ეს პოზიცია არაერთხელ იქნა გაჟღერებული ჩვენ მიერ და ვიმედოვნებთ, იგი რეალობად მალე იქცევა". – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები