უძველესი მამონტის აღმოჩენა

ციმბირში, პეჩევალავატოს ტბაში უძველესი მამონტის ნაშთები აღმოაჩინეს

Dmitrii Frolov

ციმბირში, იამალის ნახევარკუნძულზე პეჩევალავატოს ტბაში მამონტის ნაშთები იპოვეს. მამონტი ნახევარკუნძულზე 10 000 წლის წინ ცხოვრობდა.

ტბიდან უძველესი ცხოველის ძვლების ამოსაღებად სპეციალისტებს ხუთი დღე დასჭირდათ. ცხოველის ნაშთების თითქმის 90% უკვე ამოღებულია. მეცნიერები ახლა მამონტის ეშვებს ეძებენ. 

არქტიკის შესწავლის ცენტრის მკვლევრის ანდრეი გუსევის თქმით, ცხოველის ნაშთები განსაკუთრებით კარგადაა შემონახული. აღმოჩენისას ცხოველის ხერხემალი მყესებით იყო დაკავშირებული. მთლიანად შემოინახა მამონტის კუდი. ასევე კარგადაა შემონახული კანის ნაწილები, მყესები ძვლებზე და ექსკრემენტებიც კი, რომელთა აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მეცნიერებს განსაკუთრებულად აინტერესებთ, ვინაიდან შეძლებენ შეიტყონ, რით იკვებებოდა მამონტი. 

მამონტს ტადიბე დაარქვეს, იმ ადამიანის პატივსაცემად, რომელიც პირველი გადააწყდა მის ნარჩენებს. უძველესი ცხოველი 15-20 წლის იყო და სიმაღლეში სამ მეტრს აღწევდა.

მამონტის სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცხოველის ძვლებზე დაზიანების კვალი არ უპოვიათ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იამალის ნახევარკუნძულზე მამონტის ნაშთები იპოვეს. მსგავსი აღმოჩენები 1988 და 2007 წლებშიც მოხდა, მამონტებს მაშა და ლუბა დაარქვეს.

კომენტარები