ბუსა ჟვანია

ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბუსა ჟვანიას პატიმრობა შეეფარდა

საზოგადოებრივი მაუწყებელი

ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

დაცვის მხარემ 50000 ლარის გირაოს შუამდგომლობა დააყენა თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და ჟვანიას პატიმრობა შეუფარდა. 

ბუსა ჟვანიას გუშინ, 3 აგვისტოს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრისთვის საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია, 2 აგვისტოს დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბუსა ჟვანიამ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

კომენტარები