ჰონგ-კონგი

საფრანგეთი ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის შეთანხებას ხელს არ მოაწერს 

საფრანგეთში განაცხადეს, რომ ჩინეთის მიერ ამოქმედებული ჰონგ-კონგის უშიშროების კანონის შემდეგ საფრანგეთი ჰონგ-კონგთან 2017 წელის ექსტრადიციის შეთანხმებას ხელს არ მოაწერს.

საფრანგეთში აცხადებენ, რომ ჰონგ-კონგის უშიშროების კანონი არის ცვლილება, რაც საეჭვოს ხდის ქალაქის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" პრინციპს, ქალაქის "მაღალი ავტონომიის ხარისხს", "ფუნდამენტურ თავისუფლებებს" და რითაც ხელს იღებენ 1997 წლის ქალაქის გადაცემის შეთანხმებაზე.

ჩინეთი საფრანგეთის განცხადებას ეწინააღმდეგება. 

კანადამ, ავსტრალიამ, ბრიტანეთმა, ახალმა ზელანდიამ და გერმანიამ ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის შეთანხმება უკვე გაწყვიტეს.

ჰონგ-კონგის ექსტრადიციის შეთანხმება პეკინმა ბრიტანეთთან, ავსტრალიასთან, კანადასთან და დღეს უკვე ახალ ზელანდიასთანაც გაწყვიტა

ჩინეთმა ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონები 30 ივნისს მიიღო.

ახალი კანონებით სეცესიის, მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, სამწლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კანონის დამრღვევებს საჯარო სამსახურებში მუშაობა აეკრძალებათ. პეკინმა ჰონგ-კონგში უშიშროების ოფისი გახსნა, სადაც საკუთარი სამართალდამცავები ჰყავს. ჰონგ-კონგის მმართველს ეროვნული უსაფრთხოების საქმეებზე მოსამართლეების დანიშვნის უფლება ექნება და იუსტიციის მინისტრი გადაწყვეტს, უნდა იყვნენ თუ არა ნაფიცი მსაჯულები. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი გასაჩივრება შეუძლებელი გახდება. ეროვნული უსაფრთხოების ოფისები შეაგროვებენ და გააანალიზებენ ინფორმაციას და ზედამხედველობას გაუწევენ ჰონგ-კონგის პოლიციას.

კანონების საფუძველზე ჰონგ-კონგის პოლიციას უფლებები გაეზარდა, მათ შორის, მათ შეუძლიათ, რეიდები და თვალთვალი ორდერის გარეშე ჩაატარონ. ცვლილებების საფუძველზე პოლიციას ეხსნება ზედამხედველობის სისტემის ნაწილი, რომელიც ამ დრომდე მათ ქცევას აკონტროლებდა. თუ პოლიცია ჩათვლის, რომ ეროვნული მნიშვნელობის გადაუდებელი საფრთხე არსებობს, მათ შეუძლიათ, ორდერის გარეშე ჩაატარონ ჩხრეკა, ამოიღონ ინფორმაცია ონლაინპლატფორმებიდან, აწარმოონ თვალთვალი და ა. შ.

პოლიციას შეეძლება, ონლაინ მედიაკომპანიებს უბრძანოს მისთვის ინფორმაციის გადაცემა, ამოიღოს მათი ტექნიკა, დააჯარიმოს ან დააკავოს მათი თანამშრომლები უარის შემთხვევაში. კომპანიებს ასევე მოუწევთ, პოლიციასთან ითანამშრომლონ პირების იდენტიფიკაციისა და შიფრის მოხსნის თვალსაზრისითაც. ამის გამო სოციალური მედიის კომპანიებმა გამოაცხადეს, რომ ჰონგ-კონგის პოლიციასთან თანამშრომლობას წყვეტენ. ზოგი მათგანი ჰონგ-კონგიდან მთლიანად გადის.

ჩინეთი ირწმუნება, რომ ახალი კანონები წინააღმდეგობაში არ მოდის "ერთი ქვეყანა - ორი სისტემის" პრინციპებთან და ის ქალაქში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს. კონტინენტურ ჩინეთში ეროვნული უსაფრთხოების კანონებს აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების, ადვოკატებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებენ.

ვრცლად უშიშროების ახალი კანონების შესახებ წაიკითხეთ სტატიაში - ერთი ქვეყანა, ერთი სისტემა - ჰონგ-კონგის ავტონომიის დასასრულის დასაწყისი.

კომენტარები