Coda წერილი

Tiktok-ის გაურკვეველი მომავალი და არჩევნები პანდემიისას - Coda წერილი

ავტორი - სოფიკო ვასაძე

თქვენი არ ვიცი და მე პანდემია Tikotok-მა გადამაგორებინა. 

მაგრამ ამ შაბათ-კვირას, ტრამპმა გამოაცხადა რომ Tikotok-ის აკრძალვას გეგმავს. მისი თქმით, ჩინური აპლიკაცია ამერიკისთვის უსაფრთხო არ არის. ჯერჯერობით გაუგებარია, მოხდება თუ არა ეს სინამდვილეში, მაგრამ ჩინეთის სახელმწიფო მედია აშკარად აღშფოთებულია და ჩინეთ-ამერიკის ისედაც დაძაბული ურთიერთობა ისევ გაუარესდა. 

  • ჩინეთის სახელმწიფო მედია გლობალური თაიმსის მთავარი რედაქტორის ჰუ ჰიჯინის თქმით, TikTok აშშ-ს ტექნოლოგიური ჰეგემონიისთვის გამოწვევაა. მისივე აზრით, ამერიკული ”Zoom-ის” თაობა - ვისთვისაც TikTok ციფრული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია - საფრთხეს უქმნის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიას.
  • ”ტრამპს სურს, ჩაახშოს TikTok-ი", - თქვა ჰუმ ვიდეომიმართვაში. ”მას მიზეზი აქვს შეშფოთების. ამერიკელი თინეიჯერები გამოიყენებენ აპლიკაციას, რომ პრობლემები შეუქმნან”.
  • ამერიკელი თინეიჯერებიც აღშფოთებულები არიან. შაბათ-კვირას ბევრმა დაწერა ცრემლიანი (და შესაძლოა ნაადრევი) პოსტი. ”ეს არ არის მხოლოდ პროგრამა. ეს არის ოჯახი. ”- დაპოსტა ერთ-ერთმა TikToker-მა, რომელსაც რვა მილიონი მიმდევარი ჰყავს. 

ირანში მონაცემების გაჟონვამ აჩვენა, რომ ქვეყნის მთავრობა კორონავირუსით გარდაცვალილთა ორ მესამედს მალავს, წერს BBC-ს სპარსული სამსახური. 

  • მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, გარდაიცვალა 14405 ადამიანი - მაგრამ მათივე ჩანაწერების თანახმად, რომელიც BBC-ს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა, ამ დროისათვის თითქმის 42 000 ადამიანია გარდაცვლილი.
  • რეალურ მონაცემებთან შედარებით ინფიცირების შემთხვევებიც ორმაგია. ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას უარყოფს. სამინისტროს სპიკერმა Tehran Times-ს განუცხადა, რომ უცხოური მედია ცდილობს, შექმნას სკეპტიციზმი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. 

პერუში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1200 ქალი გაუჩინარდა

  • ქალთა და დაუცველი მოსახლეობის მინისტრის, გლორია მონტენეგროს თქმით, ქვეყანაში ასევე რეგისტრირებულია სექსუალური ძალადობის 600 და ფემიციდის 36 შემთხვევა.
  • ლათინურ ამერიკაში პერუს ქალებზე ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, მაგრამ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა პანდემიის პირობებში, როდესაც ქალები ხანგრძლივად აღმოჩნდენ ჩაკეტილები მამაკაცებთან ერთად სახლებში.  
  • ერთი მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის გავრცელების პირობებში, არ შეინიშნება ოჯახში ძალადობის შემთხვევების შეტყობინების ზრდა. თუმცა, მეორე მხრივ, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში მათ ძალადობასთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებისთვის იმაზე მეტმა ქალმა მიმართა, ვიდრე სხვა დროს.

არის თუ არა პანდემია მსოფლიოში დემოკრატიისთვის რეალური საფრთხე? 

სხვადახვა ქვეყანაში ჩნდება ტენდენცია, რომ გამოიყენონ კორონავირუსი, როგორც საბაბი - გააუქმონ, ან გადასწიონ არჩევნები. 

ამერიკელი პოლიტოლოგის, მაიკლ პაარლბერგის თქმით, “არსებობს იმის მაგალითები, თუ როგორ იყენებენ ავტოკრატები და ავტოკრატიისკენ მიდრეკილი მთავრობები მთელ მსოფლიოში COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიას ძალაუფლების კონსოლიდაციითვის”

ამ ტენდენციის სამი თვალსაჩინო მაგალითი: 

  • 23 ივლისს ბოლივიის დროებითმა მთავრობამ საპრეზიდენტო არჩევნები მესამედ გადაავადა და ახალ თარიღად ამჯერად 18 ოქტომბერი გამოაცხადა. ამ ნაბიჯით ბრალდებების ახალ რაუნდში გადაეშვა დროებითი პრეზიდენტი, ხეანინ ანიესი, რომელმაც გადადგომის შემდეგ ევო მორალესი ჩაანაცვლა. 
  • 30 ივლისს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შემოვიდა წინადადებით, რომ გადაიდოს ამერიკის შეერთებული შტატების ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები. მიზეზად კი ხმის მიცემისთვის შესაძლო პრობლემები მოჰყავს.  სავარაუდოდ, ამერიკელთა რეკორდული რაოდენობა გამოიყენებს საფოსტო ბიულეტენებს, რათა არ მოხდეს COVID -19-ით ინფიცირება. 
  • 31 ივლისს ჰონკონგში არჩევნები მთელი ერთი წლით გადაიდო. ჰონკონგის ლიდერის, ქერი ლამას თქმით, ის აღშფოთებულია ვირუსით, მაგრამ კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი დემოკრატიის მოსურნე ამომრჩევლების შესაჩერებლადაა გამიზნული. რომლებიც შეშფოთებულნი არიან ჯერ კიდევ ივნისში მიღებული კანონპროექტით, რომლითაც უფლებამოსილება პეკინს გადაეცა. 

რა თქმა უნდა, ამ ყველა მოვლენას აქვს კონკრეტული პოლიტიკური კონტექსტი. ჰარვარდელი პოლიტოლოგისა და წიგნის “როგორ კვდება დემოკრატიები” თანაავტორის -  სტივენ ლევიცკის აზრით, ბოლივიის შემთხვევა არის სასოწარკვეთილი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ცდილობს, თავიდან აიცილოს საკუთარი დასასრული. 

ძნელი წარმოსადგენია, რომ ტრამპი მართლაც გადადებს არჩევნებს. მისმა ადმინისტრაციამ უკვე გააკეთა კომენტარი, რომ ეს არ იგეგმება. მაგრამ ტრამპის სიტყვები მის შესაძლო დამარცხებას საეჭვოდ მიიჩნევს. 

”იმის ყვირილით, თუ როგორ არ არსებობს პირობები კენჭისყრისთვის და რომ არჩევნები უნდა გადაიდოს, ტრამპი ამერიკელთა 40 პროცენტს დაარწმუნებს, რომ არჩევნები ვერ იქნება  თავისუფალი და სამართლიანი”, - თქვა ლევიცკიმ.

საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად ტემპერატურა დროდადრო  მატულობს. არჩევნების გადადების შესახებ ჯერ ჭორადაც არაფერი თქმულა, მეტიც, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, გვპირდება, რომ ყველაფერი უნდა გაკეთედეს, რომ ერთი მხრივ, დაცული იყოს ადამიანის არჩევნებზე ხმის მიცემის ფუნდამენტური უფლება, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანაში მოხდეს ინფექციის შემდგომი გავრცელების პრევენცია. 

იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერი სწორედ ამ სცენარით განვითარდება. 

კომენტარები