თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

შსს ბაჩალიაშვილის საქმეზე: მზად ვართ FBI-სთან თანამშრომლობისთვის

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნას გამოთქვამს. შსს-მ გარდაცვლილის ოჯახს შეხვედრა შესთავაზა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მათ მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვას. სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას პროცესში ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ და ამ მიზნით დღეს ოჯახს შეხვედრა შესთავაზა“, - აცხადებს შსს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში FBI-ის ჩართვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით მათ 4 აგვისტოს ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს.

კომენტარები