აჭარის ტელევიზია

TV აჭარამ 30 ივლისს გათავისუფლებული სამი თანამშრომელი სამსახურში დააბრუნა

ტაბულა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა სამი თანამშრომელი - დილის ტალღის ხელმძღვანელი, ბაჩო გურაბანიძე, გადაცემა ჰეშთეგის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი გიორგი მურვანიძე და მემონტაჟე გუგა ქადიძე სამსახურში დააბრუნა. მენეჯმენტის განცხადებით, 30 ივლისს "გათავისუფლებული თანამშრომლები აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, გმობენ სამსახურეობრივი კონფლიქტებსა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს დამაზიანებელ სხვა ქმედებებს და აქვთ გარკვეული დამსახურებები მაუწყებლის წინაშე".

"მათ პრაქტიკულად სრულად შეუნარჩუნდებათ ანაზღაურება და ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ შემოქმედებითი საქმიანობა პროგრამების სამსახურში, პრიორიტეტებით გათვალისწინებული კონკრეტული გადაცემების მოსამზადებლად. ამ პროცესში მათ ექნებათ სრული თავისუფლება და, შესაბამისად, კვლავ სრულფასოვნად შეძლებენ საკუთარი ნიჭისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენებას, რაც წარმოადგენს მაუწყებლის მენეჯმენტის, ყველა თანამშრომლისა და ჩვენი აუდიტორიის საერთო მიზანს.

ამავე დროს, ხაზი უნდა გაესვას, იმას რომ ვერანაირი აქციები და ვერანაირი სხვა სახის ზეწოლა, ვერ აიძულებს მენეჯმენტს, გავიდეს კანონმდებლობის ჩარჩოებიდან. ასევე, გვინდა განვაცხადოთ, რომ მაუწყებლის მენეჯმენტი შემდგომშიც პრინციპული და მკაცრი იქნება ორგანიზაციის საქმიანობის მარეგულირებელი წესების ნებისმიერი დარღვევისადმი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მაუწყებლის დინამიური განვითარების შეფერხება ან მისი იმიჯისა და პრესტიჟის შელახვა და აუცილებლად მოახდენს სათანადო რეაგირებას", - აცხადებს TV აჭარა.

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 30 ივლისს ბაჩო გურაბანიძის, გიორგი მურვანიძის და გუგა ქადიძის გათავისუფლების მიზეზად დისციპლინარული მოკვლევა დაასახელა. საქმე თანამშრომლებს შორის მომხდარ კონფლიქტს ეხება. TV აჭარას განცხადებით, გადაწყვეტილება "გარდაუვალი აუცილებლობიდან გამომდინარე" მიიღეს და "ემსახურებოდა სამსახურეობრივი დისციპლინისა და კანონიერების დაცვას".

მას შემდეგ, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან ნათია კაპანაძე გადააყენა, მის ნაცვლად კი გიორგი კოხრეიძე დანიშნა, არხის ჟურნალისტები ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობებზე ლაპარაკობენ და ალტერნატიული პროფესიული კავშირიც შექმნეს.

22 ნოემბრის შემდეგ არხი ზეწოლის შედეგად დატოვა, ან კოხრეიძის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს არაერთი საკვანძო თანამდებობაზე მყოფი პირი, მათ შორის ახალი სამსახურის უფროსი, მისი მოადგილე და მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი.

დირექტორის მხრიდან შევიწროებისა და კონტროლის გამო სამსახური დატოვა დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ, რომელიც კოხრეიძის დანიშვნამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ასევე დაუსაბუთებელი საფუძვლით კოხრეიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი, მისი მოადგილე მაია მერკვილაძე კი ტელევიზიიდან რადიოში გადაიყვანეს და ფაქტობრივად ჩამოაშორეს სარედაქციო პოლიტიკას.

ახალი ამბების სამსახურში მიმდინარე მოვლენების გაპროტესტების გამო წამყვანი თეონა ბაკურიძე, კვლავ კოხრეიძის პირადი გადაწყვეტილებით, ჯერ ეთერიდან მოხსნეს, რამდენიმე დღეში კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

უფლებამოსილებები შეეზღუდა ონლაინმედიის სამსახურის უფროსს, სოფო ჟღენტს. კოხრეიძემ მას სრულად აუკრძალა ვებგვერდზე საინფორმაციო ამბების კონტენტის განთავსება.

კიდევ ერთი ჟურნალისტი, თეონა ხარაბაძე სამუშაოდ ქუთაისის არარსებულ ბიუროში გადაიყვანეს. სოციალურ ქსელში გამოხატული მოსაზრების გამო კი ჟურნალისტი თეონა თურმანიძე ეთერს გარკვეული დროით ჩამოაშორეს.

11 მაისს გიორგი კოხრეიძის ბრძანების საფუძველზე სოციალურ ქსელში დაწერილი მოსაზრებისთვის არხიდან გაათავისუფლეს გადაცემა #ჰეშთეგის წამყვანი და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი.

კომენტარები