არჩევნები 2020

ბოკერია: გვინდა, დავნერგოთ ცივილიზებული ურთიერთობა, ვკამათობდეთ, მაგრამ არანაირი იარლიყები

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ "მოსყიდვასა" და "გაყიდულობაზე" ალეკო ელისაშვილის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბრალდებები, მათ შორის გიორგი ვაშაძის მიმართ, "პუტინური რუსეთის და ივანიშვილის კლიმატად" შეაფასა. მთავარი არხის ეთერში ბოკერიამ აღნიშნა, რომ არ შეიძლება ტალახის სროლა.

"თუნდაც, არსებით საკითხზე რომ ვერ შეთანხმდები, შეიძლება, მწვავედ შეაფასო ოპონენტი... მე ოცნებასთან დაკავშირებითაც კი ამ სტანდარტის მომხრე ვარ, ივანიშვილთან მიმართებითაც. სიმართლეა იმდენი, რომ არავითარი იარლიყები და შეთქმულების თეორიები არ შეიძლება, ეგრე ნებისმიერ რამეს დააბრალებ, ეს არის კლიმატი, რომელიც ნორმალურ დემოკრატიას საფრთხეს უქმნის" - აღნიშნა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, მის პარტიას სურს ცივილიზებული ურთიერთობის დანერგვა. 

"კულტურა რა არის, აბსოლუტურად არ მაწუხებს და ალბათ, ყველა შეგუებულია ჩვენზე, ევროპულ საქართველოზე, რომ ყველა მხრიდან გვესხმიან ხოლმე თავს, ათას ტალახს გვესვრიან, რაღაც სქემის დალაგებას [გვაბრალებენ], ზოგი შეკრულებს გვეძახის, სხვები - რადიკალებს.... პროპორციული სისტემის ნაწილშიც ყველაფერს გვაბრალებდნენ, ამას უნდა შეეგუო, ოღონდ რისი დანერგვა გვინდა - ჩვენ გვინდა, რომ პარტიებთან, ვისაც არ ვეთანხმებით ბევრ რამეში, გვქონდეს ცივილიზებული ურთიერთობა, არსებით საკითხზე ვკამათობდეთ, ვკამათობდეთ, რას ვიზამთ ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, თუნდაც ვკამათობდეთ იმაზე, რამდენად სწორი იყო ოლქებზე შეთანხმება, მე მგონია, რომ ჩვენი შეთავაზება იყო გონივრული და მათი საქციელი არ იყო გონივრული, მაგრამ არანაირი ბრალდებები, რომ "ისა ხარ, ესა ხარ" - თქვა ბოკერიამ მთავარი არხის ეთერში.

იმავე გადაცემაში, ცოტა ხნით ადრე, პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლეიბორისტების ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ერთობა, მათ შორის გიგა ბოკერია, "ვანო ჩხარტიშვილის პროექტის" შესრულებაში დაადანაშაულა. გიორგი ვაშაძეს ბნელ მხარეს გადასული უწოდა ენმ-ის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმაც.

კომენტარები