გამყრელიძე სწავლის დაწყებაზე: თუ ერთ ოთახში 20 ადამიანი იჯდა, ახლა ვეღარ დაჯდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ თქვა, რომ დღევანდელი სიტუაცია საშუალებას იძლევა სწავლა 15 სექტემბერს განახლდეს, თუმცა შესაძლებელია ეს სიტუაცია შეიცვალოს.

"დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სწავლის დაწყებას ახლა არავითარი საშიშროება არ ემუქრება, ამიტომ, შესაძლებელია, 15 სექტემბერს, მაგრამ მანამდე კიდევ თვენახევარია, დაახლოებით, ერთი თვე, ეს დამოკიდებული იქნება, რა თქმა უნდა, ეპიდსიტუაციაზე. მე ხაზს ვუსვამ, დღეს რა ეპიდსიტუაციაც გვაქვს, ყოველდღიურად სამი, ხუთი, ათი, თხუთმეტი შემთხვევა არ არის პრობლემა სწავლის დაწყების". - ამბობს გამყრელიძე.

გამყრელიძის თქმით, სასწავლო პროცესი ტრადიციულ სტილში ვერ განახლდება, გაზრდილი მობილობა შესაბამისი ზომების მიღებასაც მოითხოვს და მუშავდება სტანდარტები, როგორც სკოლებთან, ასევე უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით. 

"სწავლის დაწყებისას, რა თქმა უნდა, გაიზრდება მობილობა, როდესაც ათასობით ბავშვი და სტუდენტი დაიწყებს სწავლას და ეს ვერ იქნება ტრადიციულ სტილში, ანუ, თუ იჯდა 20 ადამიანი ერთ ოთახში, ვეღარ დაჯდება. ამაზე ვმუშაობთ და იქნება შესაბამისი სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები აუდიტორიებში, როგორი უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, აუცილებლად ხელების ხშირი დამუშავება, პირბადეების ხმარება, ძირითადად, დერეფნებში შესვენებებზე, მცირეწლოვან ბავშვებში პირბადე არ არის რეკომენდებული და ამაზეც მივცემთ რეკომენდაციებს". - თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა. 

დღეს, 5 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ, საქართველოში კორონავირუსი 1 197 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 974 გამოჯანმრთელდა, 17 პაციენტი კი – გარდაიცვალა.

კომენტარები