აფეთქება ლიბანში

ბეირუთში მომხდარი მძლავრი აფეთქების გამოძიება დაიწყო

AP

ბეირუთში სამშაბათს მომხდარი მძლავრი აფეთქების გამოძიება დაიწყო. გამოძიების მიზანია დაადგინოს, იყო თუ არა გამოწვეული აფეთქება დაუდევრობით, საწყობში სათანადო უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე შეენახათ ფეთქებადი სასუქი ნივთიერება. მთავრობის განკარგულებით პორტის რამდენიმე თანამშრომელი შინაპატიმრობაში იმყოფება.

აფეთქების შემდეგ საზოგადოების ბრაზის სამიზნე მმართველი ელიტა გახდა. ბეირუთის პორტი ლიბიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ინსტიტუტია, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკოსებს და ფრაქციებს, მათ შორის ჰეზბოლას, თავისი მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.

გამოძიების ინტერესს წარმოადგენს როგორ მოხდა, რომ 2 750 ტონა  სასუქების წარმოებაში გამოყენებადი ძლიერი ფეთქებადი ნივთიერება, ამონიუმის ნიტრატი 6 წელი ინახებოდა საწყობში. 

ინტერნეტში გავრცელდა 2017 წლის წერილი, რომლშიც საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე წერდა, რომ პორტში შენახული დიდი რაოდენობის ამონიუმის ნიტრატი საფრთხეს წარმოადგენდა  თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის და მოსამართლეს სთხოვდა, უფლება მიეცა ამონიუმის ნიტრატი პორტიდან გაეტანა. საბაჟო დეპარტამენტის თავჯდომარის, ბადრი დაჰერის განცხადებით, მან მსგავსი შინაარსის წერილები 2014, 2015 და 2016 წლებშიც დაწერა, მთლიანობაში სულ 5 წერილი. წერილებში დაჰერმა წამოაყენა შემოთავაზება, ამონიუმის ნიტრატი მიეყიდათ რომელიმე კომპანიისათვის ან გაეტანათ ექსპორტზე.

ბადრი დაჰერის წერილები კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას, რომ აფეთქება დაუდევრობისა და უყურადღებობის შედეგი იყო.

პროკურორმა ღასან უეიდათმა დაიწყო ამ წერილების დაუყოვნებლივი გამოძიება, ასევე მიმდინარეობს გამოძიება იმ ადამიანებისა, რომლებიც საწყობებში ტვირთვის შენახვაზე იყვნენ პასუხისმგებლები. 

ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა დაიფიცა, რომ გამოძიება გამჭვირვალე იქნებოდა და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯებოდა.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, პორტის საწყობში მძლავრი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა.  ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 135 ადამიანი და დაშავდა 5000. 300 000-მდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ეკონომიკური ზარალი 10-15 მილიარდ დოლარს წარმოადგენს. აფეთქებამ გაანადგურა პორტში მდებარე შენობები და 10 კილომეტრის რადიუსში დააზიანა ნაგებობები. საწყობში 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა, რომელიც 2013 წელს ერთ-ერთი გემიდან ამოიღეს. ამონიუმის ნიტრატი სასუქის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ამავდროულად ძლიერი ფეთქებადი ნივთიერებაა. არსებული ვერსიით, ამონიუმის ნიტრატის აფეთქება მის სიახლოვეს გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია.

კომენტარები