თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ბაჩალიაშვილის დედა: შოთაძისგან მივიღე დაპირება, რომ FBI ექსპერტიზებში ჩაერთვება

რადიო თავისუფლება / Screengrab

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ მთავარი პროკურორ ირაკლი შოთაძისგან მათ მიიღეს დაპირება, რომ ფედერალური ბიურო (FBI) ნებისმიერ ექსპერტიზაზე, რასაც ოჯახი მოითხოვს, ჩართული იქნება.

"მარტო თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბარი მან, [ირაკლი შოთაძემ] რატომღაც ძალიან ზედმეტად მიიჩნია. ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, უნდა განვიხილოთ ყველა ვერსია და გადამოწმებული უნდა იყოს". – ამბობს ბაჩალიაშვილის დედა მთავარი პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.

გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის დედის, თეონა თამაზაშვილის, ცნობით, მთავარ პროკურორთან შეხვედრისას ყველა კითხვა, რაც ოჯახს აქვს, ჩაინიშნეს და დაპირდნენ, რომ ამ კითხვებს, მათივე ზედამხედველობის ქვეშ, პასუხი გაეცემა.

რაც შეეხება წერილს, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში იპოვეს. ლევან სამხარაულის  სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ავტომანქანაში ნაპოვნ "მოცისფრო, პატარა ზომის ფურცელზე ტექსტი -"ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ" – თამარ ბაჩალიაშვილის ხელნაწერია.

ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, წერილთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ეს დასჭირდათ იმისთვის", რათა თვითმკვლელობის ვერსია გამართლებული ყოფილიყო.

"წერილი სავარაუდოდ იმათ დააწერინეს, რადგან ეს მზაკვრულად იყო დაგეგმილი. ეს ერთ და ორ დღეში არ ხდებოდა, თვეების განმავლობაში ხდებოდა ამ მზაკვრული გეგმის შემუშავება და შესაბამისად ისიც იყო გამოკვლეული ჩემს შვილს ანგარიშზე ჰქონდა თუ არა თანხა, სავარაუდოდ დააწერინეს ეს წერილი, რომ გამოიყენეთ თანხა, რადგან ჩემი შვილი იმდენად ჭკვიანია, რომ ისედაც მიხვდებოდა, რომ ოჯახი მაინც გამოვიყენებდით ამ თანხას, დაწერა რად უნდოდა ამას". – ამბობს თეონა თამაზაშვილი.

მისივე განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილი საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად თანხას აგროვებდა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში FBI-ს ჩართვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით მათ 4 აგვისტოს, ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს.

აქციის დასრულების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

ამასთან, შსს-ს შუალედური ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში თვითმკვლელობის გზებს ეძებდა, ხოლო ერთი დღით ადრე არკვევდა - რა მოუვიდოდა მის Facebook გვერდს, თუ გარდაიცვლებოდა.

კომენტარები