სამთავრობო სუბსიდია

200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლები რეგისტრაციის გავლას 15 აგვისტოდან შეძლებენ

ეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს მთავრობა

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლები სპეციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლას 15 აგვისტოდან შეძლებენ. ამის შესახებ TV იმედის ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ილაპარაკა.

"ჯანდაცვის სამინისტროში ამ წუთებშიც მიმდინარეობს მუშაობა იმ ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის უკვე 15 აგვისტოდან დარეგისტრირება. დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და მერე უკვე დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეკრების შემდეგ მოხდება პირველიდან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა“. – თქვა ტიკარაძემ და აღნიშნა, რომ რეგისტრაცია სავალდებულოა.

მისივე თქმით, თუ მშობელმა განაცხადი არ შეავსო, ეს იმის დამადასტურებელი იქნება, რომ მშობელი კომპენსაციის მიღებაზე უარს აცხადებს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეგისტრაციის პროცესი მარტივი იქნება.

"მთავრობას ესაჭიროება კონკრეტული მონაცემები - ბავშვის და მშობლის მონაცემები, მშობლის ანგარიშის ნომერი, ასევე, ვინ არის მეურვე ბავშვის, იმისთვის, რომ თანხა დავხარჯოთ მიზნობრივად და მივიდეს იმ მშობელთან, სადაც ცხოვრობს ბავშვი". – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის 6 აგვისტოს სხდომაზე განაცხადა, რომ ბავშვები 17 წლის ჩათვლით 200-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ.

კომენტარები