აშშ-ჩინეთი

ტაივანში აშშ-ს ჯანმრთელობის მდივნის დაგეგმილ ვიზიტზე ჩინეთი საპასუხო ზომებით იმუქრება

0 კომენტარი
ალექს აზარი ფოტო: Mimic News

მას შემდეგ, რაც აშშ-ს ჯანმრთელობის მდივანმა ტაივანში ვიზიტი დააანონსა, ამ ქმედების გამო 6 აგვისტოს ჩინეთი დაიმუქრა, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს

აშშ-ს ჯანმრთელობის მდივანი, ალექს აზარი, უმაღლესი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირია, რომელიც 1979 წლის შემდეგ ტაივანს ეწვევა. 1979 წელს აშშ-მ ტაივანთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დაამყარა. 

პეკინი ტაივანსა და აშშ-ს შორის ნებისმიერ ოფიციალურ ურთიერთობას გმობს. ჩინეთი ტაივანის საკითხს, აშშ-სთან ორმხრივ ურთიერთობებში, ყველაზე სენსიტიურ და მნიშვნელოვან საკითხად განიხილავს. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, "ერთიანი ჩინეთის" უარყოფით ან ამ პრინციპით გამოწვევის ნებისმიერი მცდელობა ჩაფლავდება. 

ტაივანში ამერიკის დელეგაციის ვიზიტი 9 აგვისტოს დაიწყება. 

აზარი ტაივანში ეკონომიკური და ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით და ასევე პანდემიასთან ბრძოლაში ტაივანის საერთაშორისო როლის გაზრდის მხარდაჭერისთვის ჩადის. 

ტაივანის დაავადების კონტროლის ცენტრმა განაცხადა, რომ აშშ-ს დელეგაციის ყველა წარმომადგენელს მთელი ვიზიტის განმავლობაში პირბადე უნდა ეკეთოს. 

დელეგაციის წარმომადგენლებს ტაივანში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუშვებენ, თუ მათი კორონავირუსის ტესტი უარყოფით შედეგს აჩვენებს.

აშშ-ს დელეგაციის წარმომადგენლებმა ტაივანის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის დროს სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან. 

ვიზიტის ფარგლებში აზარი ტაივანის პრეზიდენტს, ცაი ინგ-ვენს და ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯოზეფ ვუს შეხვდება.

"ტაივანი არის გამჭვირვალობის და ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს და ბევრად უფრო ადრეც გლობალურ ჯანდაცვაში თანამშრომლობის მოდელი. მე მოუთმენლად ველი, გადავცე მათ პრეზიდენტი ტრამპის მხარდაჭერა ტაივანის ჯანდაცვის გლობალური ხელმძღვანელობისადმი და ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს საერთო რწმენას, რომ თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებები საუკეთესო მოდელები არიან ჯანმრთელობის დაცვისა და განვითარებისათვის". – ვკითხულობთ აზარის განცხადებაში.

აზარის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ეს ვიზიტი ისტორიული იქნება.

ტაივანი მსოფლიოში ახალი კორონავირუსის მართვაში ერთ-ერთი ლიდერია - 24 მილიონიან ტაივანში იანვრიდან ამ დრომდე ახალი კორონავირუსის მხოლოდ 477 შემთხვევა დადასტურდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა და 443 გამოჯანმრთელდა.

ტაივანმა დეკემბრის ბოლოს გააფრთხილა ჯანმო ახალი ვირუსის ჰაერწვეთოვანი გადადების საფრთხეზე. ამ ყველაფრის მიუხედავად, ტაივანს ჯანმოში ჩინეთის წნეხის გამო არ იღებენ (ვრცლად იხილეთ ტაბულას სტატიაში - როგორ გადაიქცა ჯანმო ჩინეთის დაცვის ორგანიზაციად?). აშშ-მ და სხვა თანამოაზრე ქვეყნებმა მაისში ჯანმო-ში მხარი დაუჭირეს, რომ ის ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეას დასწრებოდა, მაგრამ ჯანმო ისევ უარზე იყო.

პეკინი ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და გამოცხადებული აქვს, რომ ერთ დღეს ნებით თუ ძალით კუნძულს დაიბრუნებს. ტაივანთან სულ 14 ქვეყანას და ვატიკანს აქვთ დამყარებული ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები.

აშშ-სა და ტაივანს 1979 წლის შემდეგ ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არა აქვთ, თუმცა იგი ტაივანის უდიდესი მოკავშირე და სამხედრო შეიარაღების ყველაზე დიდი მიმწოდებელია. მარტში ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც აშშ-ს ტაივანის საერთაშორისო როლისთვის მეტი თანადგომა მოეთხოვება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები