თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ზეგ-ის დირექტორი: ბაჩალიაშვილის ხელფასი 4 500 ლარი იყო, ის უმცროს პროგრამისტად მუშაობდა

0 კომენტარი

კომპანია ზეგ-ის დირექტორის თამარ კობერიძის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის ყოველთვიური ხელფასი დაახლოებით 4 500 ლარი იყო. მან მთავარი არხის ეთერში აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის ჩვეულებრივი, რიგითი პროგრამისტის ხელფასი. კობერიძის განმარტებით, კომპანიის ამერიკელმა დამფუძნებელმა რომ 4-დან 15 000 დოლარამდე ახსენა, ეს წლიური ანაზღაურებაა.

კომპანია ზეგ-ის დირექტორის თქმითვე, თამარ ბაჩალიაშვილმა მათთან მუშაობა 2017 წლის აგვისტოში, სტაჟიორად დაიწყო. მისი ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი 6 თვის შემდეგ სრულ განაკვეთზე, უმცროსი პროგრამისტის თანამდებობაზე გადაიყვანეს და სამი წლის მანძილზე, სამსახურიდან წასვლის დღემდე ამ პოსტს იკავებდა.

"ჩვენთვის მისი წასვლა გასაკვირი არ ყოფილა, ჩემი ვარაუდით, სწავლის გაგრძელება იყო მისთვის ყოველთვის პრიორიტეტი, ამას წლების მანძილზე ვხედავდით და ბოლო წლის მანძილზე განსაკუთრებით, აჟღერებდა, რომ სწავლა-მუშაობას შორის მისთვის სწავლა პრიორიტეტი იყო, ასევე დაინტერესებული იყო, რომ უფრო განვითარებულიყო, სამ წელს თვლიდა საკმარისად ერთ კომპანიაში მუშაობისთვის". – ამბობს კობერიძე. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში FBI-ს ჩართვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით მათ 4 აგვისტოს, ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს.

აქციის დასრულების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. ასევე, 6 აგვისტოს შეხვედრის შემდეგ, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თქვა, რომ ანალოგიური დაპირება ირაკლი შოთაძისგანაც მიიღეს. მისი თქმით, მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ ფედერალური ბიურო (FBI) ნებისმიერ ექსპერტიზაზე ჩაერთვება, რასაც ოჯახი მოითხოვს.

გარდა ამისა, შსს-ს შუალედური ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში თვითმკვლელობის გზებს ეძებდა, ხოლო ერთი დღით ადრე არკვევდა - რა მოუვიდოდა მის Facebook გვერდს, თუ გარდაიცვლებოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილოზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო და ერთი პირი დააკავა

კომენტარები