რუსული ოკუპაცია

ევროკავშირის წარმომადგენლობა: მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

Emerging Europe

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით დღეს, 7 აგვისტოს, რუსეთის აგრესიის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.

განცხადებაში წერია, რომ გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ევროკავშირის მიერ საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მხარდაჭერა ისეთივე მყარია, როგორ ყოველთვის.

"სამწუხაროდ, ბოლო თვეების განმავლობაში დაძაბულობა ძლიერი რჩება და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთს კვლავ ჰყავს სამხედრო ძალები, რაც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რომლებიც 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური ადამიანის უფლებები კვლავაც ირღვევა, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გზით ე.წ. "ბორდერიზაციის", კონტროლირებადი გადაკვეთის პუნქტები დროებითი დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით". – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოში სტაბილიზაციის და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართული ძალისხმევა.

კომენტარები