მიხეილ სააკაშვილი

ბარამიძე სააკაშვილის პრემიერობაზე: ბუნებრივია - სხვა თემაა, ტექნიკურად როგორ მოგვარდება

facebook.com/baramidzeg

"მე ვფიქრობ, რომ ეს ბუნებრივია". – ასე პასუხობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ბარამიძე, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პრემიერმინისტრობაზე დასმულ კითხვას. 

ჟურნალისტმა ბარამიძეს ჰკითხა, როდესაც ოპოზიციას მიმართავს, რომ ან ივანიშვილის ლიდერობით შექმნილ მთავრობაში მოუწევთ ყოფნა, ან მიხეილ სააკაშვილის, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მათი პრემიერმინისტრობის კანდიდატი ექსპრეზიდენტი სააკაშვილი იქნება.

"მე ვფიქრობ, რომ ეს ბუნებრივია. [...] სხვა თემაა, ტექნიკურად როგორ მოგვარდება ის საკითხი, რომ მიხეილ სააკაშვილს აღუდგეს მოქალაქეობა - ქვეყანაში სახელმწიფოებრიობის, თანამედროვე ინსტიტუტების შემქმნელ ადამიანს ჰქონდეს თავის ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობის, ქვეყნის კოლეგებთან, გუნდთან და პარტნიორებთან ერთად ჭაობიდან ამოყვანის საშუალება, ეს უკვე სხვა, ტექნიკური საკითხია. 

მე ვსაუბრობ, რა არის პოლიტიკური რეალობა, რასაც ჩვენმა კოლეგებმა თვალი უნდა გაუსწორონ. ჩვენ ხომ არ ვიტყვით მერე, რომ უი, ჩვენ ეს გვქონდა ჩანაფიქრში და ახლა რაღაცას გამოვაძვრენთ. არაფერი არავის გამოსაძვრენი არ სჭირს, პრეზიდენტი - სააკაშვილი არ არის, რომ ვინმემ რაღაც სიურპრიზად მოუვლინოს. 

ეს არის რეალობა. თუ ჩვენ ყველანი ვაღიარებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა მეორე ოპოზიციურ პარტიას, ვინც არის რეიტინგით, თუ სამით და ოთხით არა, მინიმუმ, ორჯერ მაინც უსწრებს ხმებისა და საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ეს ხომ რეალობაა, ბუნებრივია, მთელ მსოფლიოში ასე ხდება - თუ აბსოლუტური თანასწორობა არ არის პარტიებს შორის, ვინც არის ერთპიროვნულად ყველაზე დიდი პარტია და იქმნება კოალიცია და, რა თქმა უნდა, ალბათ, კოალიცია შეიქმნება, იქ, ბუნებრივია, კოალიციის ლიდერი, დიდი ალბათობით, იქნება იმ ყველაზე ძლიერი და სხვასთან შედარებით ბევრად უფრო ძლიერი პარტიის ლიდერი". – ამბობს ბარამიძე ტელეკომოანია პირველთან ინტერვიუში. 

ტაბულას ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.  

სააკაშვილმა 3 აგვისტოს კითხვას, შეიძლება თუ არა, პრემიერმინისტრი იყოს, უპასუხა, რომ "საქართველოს მთავრობას და პრემიერს დანიშნავს ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის ნება რაც იქნება, ყველა დავემორჩილებით." 

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა - საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიხედვით კი პრემიერმინისტრის თანამდებობას ვერ დაიკავებს პირი, რომელიც სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა.  

"საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა". – ვკითხულობთ კონსტიტუციაში. 

სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია. ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტს 2023 წლამდე იკავებს. ამასთან, იმისთვის, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავოს, ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები უნდა შეწყდეს. 

კომენტარები