თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

კომპანია ZAG - ის დირექტორის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

კომპანია ZAG-ის დირექტორის თამარ კობერიძის სახლს ამ წუთებში სამართალდამცავები ჩხრეკენ. ეს ის კომპანიაა, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა. 

თამარ კობერიძის ადვოკატი ფორმულასთან საუბრისას ამბობს, რომ კითხვები აქვს საგამოძიებო ორგანოსთან - ჩატარდა თუ არა ჩხრეკა ბაჩანა ლობჟანიძის სახლში. მისივე თქმით, ეს არის ლობჟანიძის მითითებებით და მინიშნებებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. 

"შემოვიდნენ პირად ჩხრეკაზე. ყველანაირი ინფორმაცია კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს მიწოდებული აქვთ და რა უნდათ კიდევ, არ ვიცი. ამასთანავე მებადება კითხვა, ბაჩანას მითითებებით და მინიშნებებით, თუ ბაჩანას აზრებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, არ ვიცი რისი მიღწევა უნდათ. მაქვს კითხვა საგამოძიებო ორგანოსთან - არის თუ არა თავად ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩატარებული ჩხრეკა და მიმდინარეობს თუ არა შესაბამისი გამოძიებები". – ამბობს ფორმულასთან ქეთევან მირიანაშვილი. 

მისივე თქმით, სამართალდამცავები პარალელურ რეჟიმში Zag-ის ყველა თანამშრომლის პირად სახლებს ჩხრეკენ. 

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, ამტკიცებს, რომ მისი სიკვდილი იმ კომპანიას უკავშირდება, სადაც ის მუშაობდა. 

კომპანია ZAG, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, აშშ-ში, დელავერის შტატშია რეგისტრირებული 2012 წლის 14 დეკემბერს, ხოლო 2013 წლის 18 თებერვალს რეგისტრირებული აქვს ფლორიდის განყოფილება.

როგორც კომპანიის ქართველი დირექტორი, თამარ კობერიძე ამბობს, ZAG პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს და საქართველოში ხუთი წელია არსებობს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში FBI-ს ჩართვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით მათ 4 აგვისტოს, ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს.

აქციის დასრულების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. ასევე, 6 აგვისტოს შეხვედრის შემდეგ, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თქვა, რომ ანალოგიური დაპირება ირაკლი შოთაძისგანაც მიიღეს. მისი თქმით, მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ ფედერალური ბიურო (FBI) ნებისმიერ ექსპერტიზაზე ჩაერთვება, რასაც ოჯახი მოითხოვს.

გარდა ამისა, შსს-ს შუალედური ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში თვითმკვლელობის გზებს ეძებდა, ხოლო ერთი დღით ადრე არკვევდა - რა მოუვიდოდა მის Facebook გვერდს, თუ გარდაიცვლებოდა.

კომენტარები