Reels

Reels - ახალი ფორმატი Instagram-ზე, რაც Tik Tok-ის მსგავსია

სოციალურ ქსელ Instagram-ში ახალი ფორმატი Reels გამოჩნდა, რომელიც ვიდეოების გადასაღები აპლიკაციის, Tik Tok-ის მსგავსია. როგორც Instagram-ი წერსეს არის ახალი გზა, რომ Instagram-ზე მოკლე და გასართობი ვიდეოები აღმოაჩინოთ და შექმნათ.

აღსანიშნავია, რომ Reels-ს Instagram-ში ჩაშენებული ფორმატია და არა სხვა, ახალი აპლიკაცია.

როგორც IOS-ზე, ასევე Android-ზე, Instagram-ის აპლიკაციის განახლება, სადაც Reels-ის ფორმატი იქნება, უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაშია შესაძლებელი, მათ შორის, შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, საქართველოში და სხვ.

Tik Tok-ის მსგავსად, Instagram Reels-ით მაქსიმუმ 15-წამიანი ვიდეოს გადაღება შეიძლება, რაზეც შესაძლებელია სიმღერების დართვა, სხვადასხვა ეფექტის ან ფილტრის.

როდესაც მომხმარებელი Instagram-ს Reels-ის გადასაღებად გახსნის, მას შეეძლება კამერის ახალ სექციაში სხვადასხვა ახალი ფუნქციები იხილოს და გადაიღოს. Reels-ით ვიდეოს გადაღება შესაძლებელია, უწყვეტი კადრით ან რამდენიმე კლიპად. ასევე მომხარებელს შეუძლია ვიდეო გალერეიდან ატვირთოს

Reels-ის ვიდეოების გაზიარება შესაძლებელია როგორც საჯაროდ, ასევე კონფიდენციალურად. იმ მომხმარებლებს, რომლებსაც Instagram Reels-ის ვიდეოების გაზიარება მეგობრებთან სურს, არასაჯარო ანგარიშებიდან ატვირთული Reels-ის ვიდეო ე.წ. სთორებში, ფიდში გამოჩნდება. 

Instagram-ის პროდუქტების დირექტორმა, რომი შტაინმა, თქვა, რომ Tik Tok-მა ნამდვილად პოპულარული გახადა მოკლე ვიდეოების ფორმატი, თუმცა Tik Tok-ი და Reels-ი სხვადასხვა პროდუქტია:

"მე ვფიქრობ, რომ Tik Tok ბევრ კრედიტს იმსახურებს ამ სფეროში ფორმატების პოპულარიზაციისთვის და ეს უბრალოდ დიდებული საქმეა. თუმცა, დღის ბოლოს, არცერთი ორი პროდუქტია ზუსტად მსგავსი".

აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც 2016 წელს Instagram-მა ე.წ. სთორების ფუნქცია დაამატა კომპანიას ადანაშაულებდნენ, რომ აპლიკაცია Snapchat-ის კლონი შექმნეს. მალევე, Instagram სთორი უფრო პოპულარი გახდა, ვიდრე Snapchat-ი. 

ამ სიახლეს წინ უძღოდა აშშ-ში ის პრობლემები, რაც Tik Tok-ს შეექმნა. აპლიკაციას ადანაშაულებენ ჩინეთის სახელმწიფოსთან კავშირსა და მომხმარებელთა ინფორმაციის ჩინეთში გაგზავნაში. გასულ თვეებში ამერიკაში შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ პეკინისადმი კრიტიკულ ვიდეოებს TikTok-ი ცენზურას ადებს.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ ბრძანებულებას, რომელთა თანახმადაც, ამერიკულ კომპანიებს 45 დღეში მოუწევთ ყოველგვარი ბიზნეს კავშირი გაწყვიტონ TikTok-სა და WeChat-თან (Facebook-ის მსგავსი ჩინური აპლიკაცია, რომელსაც ჩინეთის სახელმწიფო აკონტროლებს).

ტრამპის განცხადებით, გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების დაცვას ემსახურება. პრეზიდენტმა ორივე აპლიკაცია “საფრთხედ” მოიხსენია. 

ბრძანებულებაში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ში ჩინური კომპანიების მიერ შექმნილი მობილური აპლიკაციების გავრცელება საფრთხის შექმნას განაგრძობს ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და აშშ-ს ეკონომიკისთვის ; Tiktok-ის მიერ ინფორმაციის მოგროვებამ, შესაძლოა, შესაძლებელი გახადოს აშშ-ს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა თვალთვალი, შანტაჟისთვის პირადი ინფორმაციის მოგროვება ან კორპორატიული ჯაშუშობა და არსებობს იმის საფუძვლიანი ეჭვიც, რომ Tiktok-ი ცენზურას ადებს ვიდეოებს, რომელსაც პოლიტიკურად შეუსაბამოდ მიიჩნევს. მაგალითად, უიღურებთან და ჰონგ-კონგის დემონსტრაციებთან დაკავშირებულ კონტენტს.

ივნისში ინდოეთმა TikTok-ი, WeChat-ი და კიდევ 57 ჩინური აპლიკაცია აკრძალა. ინდოეთის ინფორმაციით, ტექნოლოგიის სამინისტრომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მათზე სხვადასხვა წყაროდან არაერთი საჩივარი მიიღო, რომ აპლიკაციებით იპარავდნენ და ფარულად, უნებართვოდ გზავნიდნენ მომხმარებელთა ინფორმაციას.

კომენტარები