აფეთქება ლიბანში

მაკრონი ლიბანელ ხალხს: დახმარება კორუმპირებულთა ხელებში არ წავა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 6 აგვისტოს ლიბანს დახმარებას დაჰპირდა, თუმცა თქვა, რომ ამას ლიბანის ლიდერებს არ გაუგზავნის. მაკორონი ლიბანის მთავრობისგან რეფორმების დაწყებას და კორუფციის დასრულებას ელის. 

"მე თქვენ გარანტიას გაძლევთ, [რეკონსტრუქციის] ეს დახმარება კორუმპირებულთა ხელებში არ წავა," - მაკრონმა განუცხადა ხალხს, რომელლიც მას მიეგება.

ბეირუთში ვიზიტის დროს პრესკონფერენციაზე მაკრონმა აფეთქებაზე საერთაშორისო გამოძიების დაწყების მოწოდება გააჟღერა. მაკრონის თქმით, ეს არის აუცილებელი სიგნალი რათა განახორციელონ ანტიკორუფციული რეფორმები, რასაც საზოგადოება ითხოვს.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბეირუთში აფეთქების შედეგად 145 ადამიანი დაიღუპა, 5 000 დაშავდა, 250 000 უსახლკაროდ დარჩა. ოფიციალური ინფორმაციით, პორტში 2 750 ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა, რომელიც 2013 წლის შემდეგ უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა. საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებით, აფეთქება დაუდევრობისა და არაეფექტური მმართველობის შედეგია.

მაკრონის თქმით, მან ლიბანელ მაღალჩინოსნებს გადაუდებელი რეფორმების გზამკვლევი შესთავაზა, რათა ლიბანმა საერთაშორისო საზოგადოებისგან მილიარდობით დოლარის დახმარება მიიღოს. 

"თუ რეფორმები არ განხორციელდება, ლიბანი ჩაძირვას განაგრძობს," - თქვა მაკრონმა. მისივე თქმით, "აქ ასევე საჭიროა პოლიტიკური ცვლილება. ეს აფეთქება ახალი ეპოქის დასაწყისი უნდა იყოს".

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, საფრანგეთი ორგანიზებას გაუწევს ლიბანისთვის საერთაშორისო  დახმარების კონფერენციას. მან პირობა დადო, რომ ამ საქმეში "გამჭვირვალე მმართველობა" იქნება, რათა დახმარება წავიდეს ხალხთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და არა მმართველ ელიტასთან, რომელსაც ბრალად ედება კორუფცია და არასწორი მმართველობა. 

ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ლიბანის ცენტრალური ბანკისთვის საჭიროა აუდიტი და სხვა ცვლილებები. მისივე თქმით, მსოფლიო ბანკიდან გაერო ლიბანის რეფორმებში ჩაერთვება. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დახმარების პაკეტზე ლაპარაკი შეჩერდა, რადგან მთავრობამ სერიოზული რეფორმები ვერ წამოიწყო. 

ვიზიტის დროს მაკრონი ლიბანის ყველა პოლიტიკურ ფრაქციას შეხვდა, მათ შორის, ირანის მხარდაჭერილ ჰეზბოლას ჯგუფს, რომელიც ლიბანის პოლიტიკაში დომინირებს. მან დაჟინებით მოუწოდა ჰეზბოლას, რომ თავის გავლენა გამოიყენოს და მთავრობას უთხრას, რომ რეფორმები განახორციელოს, იფიქროს ლიბანზე და არა ირანის ინტერესებზე. 

6 აგვისტოს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ანტისამთავრობო პროტესტი ხუთშაბათს დაიწყო. დემონსტრანტები ლიბანის თავდაცვის ძალებს დაუპირისპირდნენ. დემონსტრაციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მოსახლეობის უკმაყოფილება არის დაკავშირებული 4 აგვისტოს მომხდარ მძლავრ აფეთქებასთან.

კომენტარები