მიხეილ სააკაშვილი

ბოკერია ენმ-ზე: სააკაშვილის ფიგურაზე დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან კომპრომისს ვერ შეძლებენ

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის ფიგურაზე დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან კომპრომისს ვერ შეძლებს და, მისივე სიტყვებით, თუ ენმ-მ უმრავლესობა ცალკე არ მიიღო, ამის შანსი ნულის ტოლია. 

"თუ მისი პარტია მას დააყენებს ეს ჩემთვის, როგორც კონკურენტისთვის ოპოზიციაში, მაგრამ მოკავშირისთვის ივანიშვილთან ბრძოლის ფრონტზე იქნება დემონსტრირება იმის, რომ ძალიან არაგონივრულად იქცევიან და ივანიშვილის პროპაგანდას ეხმარებიან. თუკი ნაციონალურმა მოძრაობამ ცალკე არ მიიღო უმრავლესობა, შანსები იმისა, რომ ამ ტიპის ფიგურა შეთანხმდეს მრავალფეროვანი პოლიტიკური პარტიების კოალიციაში ნულის ტოლია. მათი უფლებაა, დააყენონ და ჩვენი უფლებაა ვთქვათ, რომ ამაზე კომპრომისი ვერ შედგება. 

სააკაშვილის ფიგურაზე დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან კომპრომისს ვერ შეძლებენ. თუ ვინმე იმას ამბობს, რომ, თუ ამაზე არ დაგვთანხმდებით ივანიშვილს დავტოვებთო - თქვას ხმამაღლა. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ჩაივლის - არ არის ეს სერიოზული ამბავი. არჩევნები ჩატარდება საზოგადოების დაკვეთა არის, რომ იყოს კოალიციური მმართველობა. ჩვენი გუნდის ამოცანაა, რომ იყოს ამ კოალიციის შემკვრელი. იქ ყველა პოლიტიკური ძალა იქნება სხვადასხვა წონით. ნაციონალურ მოძრაობას აქვს ამბიცია, რომ ყველაზე დიდი იყოს. ვნახოთ, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ დავეწიოთ. ამას გადაწყვეტს პროპორციული არჩევნები. 

შემდეგ ყველამ უნდა ისწავლოს გონივრული კომპრომისები - ეს არის საზოგადოების დაკვეთა. ერთი კაცის, პოლიტიკური გუნდის ხელში, როგორიც ეს იყო იმ გუნდშიც, რომელშიც მეც ვიყავი წევრი, ყველაფრის კონტროლი აღარ უნდა ქართველ ხალხს - განსაკუთრებით, ისეთი მახინჯი ფორმით, რაც ივანიშვილს აქვს, მაგრამ, თუნდაც უფრო ცივილიზებული ფორმით ". – ამბობს ბოკერია ფორმულასთან ინტერვიუში. 

ტაბულას ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.  

სააკაშვილმა 3 აგვისტოს კითხვას, შეიძლება თუ არა, პრემიერმინისტრი იყოს, უპასუხა, რომ "საქართველოს მთავრობას და პრემიერს დანიშნავს ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის ნება რაც იქნება, ყველა დავემორჩილებით." 

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა - საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიხედვით კი, პრემიერმინისტრის თანამდებობას ვერ დაიკავებს პირი, რომელიც სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა.  

"საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა". – ვკითხულობთ კონსტიტუციაში. 

სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია. ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტს 2023 წლამდე იკავებს. ამასთან, იმისთვის, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავოს, ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები უნდა შეწყდეს.

კომენტარები