აგვისტოს ომი

წითელი დედოფლის გეოპოლიტიკური რბოლა

ირინა არაბიძე
0 კომენტარი

როგორ დავაბრუნოთ ოკუპაციის თემა საერთაშორისო დღის წესრიგში აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგ  

“ჩვენ ქვეყანაში თუ დიდი ხნის განმავლობაში ძალიან სწრაფად ირბენ, ჩვეულებრივ სხვაგან მოხვდები [...]” - თქვა ალისამ, რომელიც ჯერ კიდევ სულს ითქვამდა.

“ნელი ქვეყანა!” - თქვა დედოფალმა. “აი აქ კი, ჩვენთან, თავქუდმოგლეჯილი სირბილია საჭირო, რომ იმავე ადგილას დარჩე. თუ სხვაგან გინდა მოხვდე, ამაზე ორჯერ სწრაფად მაინც უნდა გაიქცე!” 

სარკისმიღმეთი, ლუის კაროლი 

ევოლუციურ მეცნიერებაში მეტაფორა წითელი დედოფლის რბოლა კარგად არის ცნობილი. ტერმინი ლუის კაროლის სარკისმიღმეთიდან მოდის. წითელი დედოფლის ქვეყანაში საჭადრაკო დაფა ისე ტრიალებს, რომ ალისას ერთ ადგილზე გასაჩერებლად მუდმივად სირბილი უწევს. ამერიკელი ბიოლოგის ლეიჰ ფონ ვალენის თეორიის მიხედვით, ევოლუციურად ცოცხალ ორგანიზმებს სწორედ ამგვარი შეჯიბრი უწევთ, რათა გადარჩნენ. გადაშენების საშიშროება მუდმივია და ის ჯგუფი ქრება, რომელიც უზყვეტ ზრდას და განვითარებას წყვეტს. გეოპოლიტიკურ შეჯიბრსაც მსგავსი ლოგიკა მართავს. თუ სახელმწიფოებმა მუდმივ გაუმჯობესებაში რესურსი არ ჩადეს მოწინააღმდეგე ძლიერდება, ხოლო დასუსტებული სახელმწიფო ადგილს კარგავს და ბოლოს რბოლას ეთიშება. 

აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის ცეცხლის შეყვეტის 6 პუნქტიანი შეთანხმებით საქართველომ შეიარაღებული ძალები ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში დააბრუნა. რუსეთს, რომელსაც შეთანხმების მიხედვით ჯარები ჩვენი ქვეყნიდან უნდა გაეყვანა, ამ ვალდებულების შესრულებაზე არც უფიქრია. 

ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან სროლა აღარ ისმის, რის გამოც ომიდან 12 წლის შემდეგ რუსული აგრესია შესაძლოა იმ მასშტაბის საფრთხედ აღარ გვეჩვენებოდეს როგორც ადრე. ქვეყანაში უამარავი სხვა პრობლემაა. პანდემია და ეკონომიკური კრიზისი დღეს ბევრი ოჯახის მთავარი საფიქრალია. 

თავის დამშვიდება, რომ რადგან ომი არ არის სანერვიულო ნაკლებია საშიში ილუზიაა. პირიქით, საფრთხე რომელიც 2008 წელს ღიად დაემუქრა ჩვენ სახელმწიფოებრიობას უფრო მეტი სიმწვავით დგას ქვეყნის წინაშე ვიდრე ოდესმე. 2008 წლის შემდეგ ჩვენთვის ისედაც არასახარბიელო ძალთა ბალანსი კიდევ უფრო მკვეთრად გაუარესდა. წარსულში, რუსეთთან საქართველოს ბუნებრივი თავდაცვითი ბარიერი კავკასიონის ქედზე გადიოდა. ეს ბარიერი დროის მოგების საშუალებას გვაძლევდა. დრო ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მობილიზებისთვის არის საჭირო, რადგან რუსეთის შესაკავებლად მათი მტკიცე მხარდაჭერა სასიცოცხლოდ გვჭირდება. ესკალაციის შემთხვევაში დღეს  რუსეთს საქართველოს ცენტრალური მაგისტრალის გადასაკეტად წუთები, ხოლო თბილისში სამხედრო ტექნიკის შესაყვანად ერთ საათზე ნაკლები სჭირდება. ასეთ პირობებში საერთაშორისო საზოგადოება რეაგირებას ვერ მოასწრებს, ხოლო უკვე დამდგარი შედეგის შემობრუნება უაღრესად რთული იქნება.

ოკუპაცია საერთაშორისო დღის წესრიგს მიღმა 

რუსეთი ჩვენთან ურთიერთობაში დათმობაზე რომ წავიდეს, მასზე ზეწოლა ძლიერმა სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ. ამისთვის საქართველოს უსაფრთხოების პრობლემები ამ სახელმწიფოების ლიდერების პოლიტიკურ დღის წესრიგში უნდა მოხვდეს. დღეს საერთაშორისო საზოგადოება რუტინულად ეხმაურება ჩვენი დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებს, მაგრამ ოკუპაცია არ ხვდება დასავლეთის ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირების რუსეთთან განსახილველ საკითხებში. 

გასული წლების განმავლობაში ამ მოცემულობის მრავალი მაგალითი დაგროვდა. მხოლოდ ბოლოდროინდელ ვიზიტებს თუ შევხედავთ, ჩანს, რომ საქართველო არ არის ამერიკის სახელმწიფო მდივანის მაიკ პომპეოს მიერ რუსეთის ლიდერებთან წამოჭრილ თემებს შორის. ამას მოწმობს შარშან მაისში რუსეთში პომპეოს მიერ საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გაკეთებული განცხადებები და იმავე წლის დეკემბერში ლავროვის ამერიკაში ვიზიტისას გაჟღერებული კომენტარები.

“ჩვენ დიდი დრო დავუთმეთ უკრაინაზე საუბარს. ეს ჩვენი საუბრის მნიშვნელოვანი შემადგენელი იყო. [...] მე კვლავ განვუცხადე საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს, რომ ყირიმი ეკუთვნის უკრაინას და რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გადაწყვეტა მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებით იწყება,” - განაცხადა შეხვედრაზე პომპეომ. 

საფრანგეთის მაგალითზეც, ქვეყნის რომელმაც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებაში წამყვანი როლი ითამაშა, ის დღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე რუსეთთან აღარ საუბრობს. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის და ვლადიმერ პუტინის წლევანდელ სატელეფონო საუბარში ნახსენებია ერაყი, სირია, ლიბია და უკრაინა, მაგრამ არაფერია ნათქვამი საქართველოზე. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო მომავლისთვის კი უაღრესად მნიშვნელოვანია ოკუპაციის პრობლემას დასავლელი ლიდერები რუსეთთან პირისპირ საუბრისას მწვავედ აყენებდნენ.

შეიძლბა გვეგონოს, რომ მართალია წინ არ მივიწევთ, მაგრამ ერთ ადგილზე მაინც ვდგავართ. რეალურად, რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენთვის ერთ ადგილზე დგომა დაღმართზე დაგორებას ნიშნავს. ამას 2008 წლის შემდეგ რუსეთის ქმედებებიც მოწმობს. მოჩვენებითი უძრაობის პერიოდში რუსეთმა მავთულხლართებით შეღობა ცხინვალის რეგიონი, დაიჭირა, მოკლა ან ციხეში გამოკეტა ათობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქე,  მშობლიურ ენაზე განათლების მიღება აუკრძალა ოკუპირებული ტერიტორიების ქართულ მოსახლეობას, შემდეგ ამ რეგიონების ფაქტიური ანექსია მოახდინა და იქ დღემდე უმძიმესად არღვევს ჩვენი მოქალაქეების ფუნდამეტურ უფლებებს. 

რისი გაკეთება შეგვიძლია? 

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეკავების პოლიტიკა არასაკმარისია. იმისთვის რომ გადავრჩეთ, საჭიროა რუსეთს უკან დავახევინოთ. ჩვენი რესურსებით როგორ უნდა შევძლოთ ეს? სტრატეგია, რომელიც ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება ტოტალური თავდაცვის პრინციპების მსგავსია. ის ერთიანი ეროვნული ძალისხმევის იდეას ეფუძნება. სახელმწიფო საჭიროებს თავდაცვით იარაღს, მაღალი მომზადების მქონე რეგულარულ არმიას, მაგრამ ასევე რეზერვს, რომელსაც მობილიზაციის შემთხვევაში უზარმაზარ არმიად ქცევა შეუძლია. 

საერთაშორისო დღის წესრიგში ოკუპაციის პრობლემის დასაბრუნებლად სწორედ მსგავსი მობილიზაციაა საჭირო. ეს ძალისხმევა სახელმწიფოს, პოლიტიკური კლასის, სამოქალაქო საზოგადოების, დიასპორის, ეკლესიის, სპორტის წარმომადგენლების და თითოეული მოქალაქის აქტიურობას ეყრდნობა. 

სახელმწიფოს როლი მსგავს პროცესში გადამწყვეტია. საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ქვეყისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თემების დასავლეთის დღის წესრიგში დაბრუნება უნდა იყოს. საჭიროა საქართველომ  მოსინჯოს ყველა გზა, რომელიც ოკუპაციის თემის წინ წამოწევაში დაგვეხმარება. ყოველი ორმხრივი შეხვედრა, პოლიტიკოსებს შორის ფორმალური და არაფორმალური კომუნიკაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნა, უსაფრთხოების ფორუმები, ანალიტიკური ცენტრები და სხვა მსგავსი პლატფორმები ჩვენი მესიჯების პარტნიორებამდე მიტანის საშუალებაა. 

როგორც ავტორი ანდრის ბანკა წერს, ბალტიის ქვეყნები, რომელთაც 1990-იანი წლების დასაწყისში საზღვარგარეთ სუსტი დიპლომატიური წარმომადგენლობა ჰყავდათ, ყველა საერთაშორისო ფორუმს იყენებდნენ რუსეთის ჯარების გაყვანის მოსათხოვად. ავტორის თქმით, 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში კიოტოს პროტოკოლის ხელმოსაწერად და გარემოს დაცვის თემებეზე სამსჯელოდ შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები მოსვენებას არ აძლევდნენ ამ თემის გასააქტიურებლად. 

იგივეს ამბობს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი, რომელიც ბალტიის ქვეყნების ნატოში წევრობაზე ევროპელების თავდაპირველ რეაქციას ასე ახასიათებს: “კარგები ხართ, თქვენი თავისუფლებისათვის ბრძოლაც შთამბეჭდავია, მაგრამ ნატოს წევრი ვერსაოდეს გახდებით.” ლინკევიჩუსი ხაზს უსვამს, რომ დაჟინებულ მიზანსწრაფულობას შედეგი მოაქვს და საქართველოს და უკრაინას ამ პრინციპით ხელმძღვანელობას ურჩევს. ბალტიის ქვეყნების მაგალითზე ავტორი ანდრის ბანკაც იმავე დასკვნამდე მიდის. “რეფორმებისადმი მათი ერთგულება, ალიანსში წევრობის დაჟინებული მოთხოვნა, მათი მცდელობა დაეყოლიებინათ, ზეწოლა მოეხდინათ და ზოგჯერ პირდაპირი გაგებით ადევნებოდნენ საერთაშორისო პოლიტიკურ ფიგურებს ამ მოვლენის [ბალტიის ქვეყნების ნატოში გაწევრიანების] ანატომიის შემადგენელი ნაწილია,” - წერს ის. 

საქართველოს ოკუპაციის პრობლემის საერთაშორისო დღის წესრიგში დასაბრუნებლად არანაკლებ მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა. ეროვნული ძალისხმევის თვალსაჩინო მაგალითად რჩება პოლონეტში 1980 წელს დაარსებული კავშირი სოლიდარობა, რომელმაც ცენტრალური როლი ითამაშა ქვეყანაში კომუნისტური მმართველობის დასრულებაში. დიდი ძალა აქვს დიასპორის კოორდინირებულ მუშაობასაც. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ დიასპორას დამოუკიდებლად შედარებით სუსტი პლატფორმა აქვს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დიასპორებთან ერთად რუსეთის თემაზე კოორდინირებული მოქმედება ამ დანაკლისის ანაზღაურების საშუალებას იძლევა.  

ამერიკაში დიასპორას პირდაპირი გავლენა აქვს პროცესზე, რადგან ამომრჩეველს შეუძლია შუამავლის გარეშე მიაწვდიონს ხმა კონგრესმენს. ვოლტერ რასელ მიდი ამ ფენომენს კარგად აღწერს ჩინეთში მოღვაწე ამერიკელი მისიონერების მაგალითზე, რომელთაც 1912 წელს ამერიკას ჩინეთთან გასაფორმებელ სარკინიგზო სესხის ხელშეკრულებაზე ათქმევინეს უარი. “ისეთი შტატების სენტორები როგორებიც არიან სამხრეთ დაკოდა და აიოვა გაბრაზებული ამომრჩევლებისგან მიღებულმა წერილებმა წალეკა. ერთი მცირე დასახლება მეორეს შემდეგ იდენტური შინაარსის წერილს გზავნიდა: შეაჩერეთ ჩინეთის რკინიგზის სესხის ხელშეკრულება,” - წერს მიდი. იგი ამბობს, რომ სენატორებს წარმოდგენა არ ჰქონდათ რაზე იყო საუბარი, სანამ თანაშემწეებმა სარკინიგზო სესხზე ინფორმაცია არ მოიძიეს. აღმოჩნდა, რომ ფინეთში მოღვაწე მისიონერების აზრით სესხი უსამართლო პირობებში აყენებდა ქვეყანას და ამერიკაში მათი მოკავშირე ეკლესიებისა და მეგობრების მეშვეობით განგაშის ატეხვა შეძლეს. საბოლოოდ მათ თავისი გაიტანეს. ამერიკამ არსებული შეთანხმება შეცვალა და ჩინეთისთვის უფრო სასურველი პირობებით დადო ხელშეკრულება.

დიასპორის აქტიურობა მნიშვნელოვანი იყო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების აღიარების პროცესშიც. მაგალითად, ჯორჯ ბუშ უფროსის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის არქივში ამერიკელი კონგრესმენებისგან უკრაინის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი არაერთი წერილი ინახება, რომელზეც პრეზიდენტ ბუშს ფორმალური რეაგირება უწევდა. 

სპორტს პოლიტიკური დატვირთვა ყველა დროში ჰქონდა. მაგალითად, საბჭოთა კავშირის კონტროლის ქვეშ მყოფი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა წლების განმავლობაში წარმატებით იყენებდა სპორტს აღიარების მოსაპოვებლად. 1970-იანი წლების პუბლიკაციაში ერთმა ავტორმა აღმოსავლეთ გერმანიის სპორტსმენებს “დიპლომატები სპორტულ კოსტუმშიც” კი უწოდა

აღმოსავლეთ გერმანია საერთაშორისო ფედერაციებში წევრიანდებოდა, შეჯიბრებებზე საკუთარი სიმბოლიკით გამოდიოდა და მის სხვადასხვა სპორტულ გუნდს მიზანმიმართულად გერმანიის გუნდად მოიხსენიებდა, რათა მთელი ქვეყნის ლეგიტიმურ წარმომადგენლად წარმოეჩინა თავი. ეს გამალებული ძალისხმევა აღმოსავლეთ გერმანიის ოლიმპიური კომიტეტის აღიარებით და შეიჯბრებებზე დამოუკიდებელი დროშით, ემბლემით, ჰიმნით და გუნდით მონაწილეობის უფლების მიღებით დასრულდა

გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გუნდი საკუთარი დროშით 1972 წლის ოლიმპიადის გახსნაზე. 

დასავლეთისთვის ხმის მიწვდენის საქმეში დიდი წვლილი შეაქვთ საერთაშორისო ასპარეზზე სხვადასხვა სფეროში მოქმედ ქვეყნის მოქალაქეებსაც, რომლებიც აქტიურობით საერთო პოზიციას აძლიერებენ. ასეთი აქტიურობის მაგალითი დღესაც ბევრი გვაქვს. მსოფლიოში ცნობილი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია ქვეყნის ისტორიაზე და ოკუპაციაზე მის მილიონობით მიმდევარს უყვება. 

ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი რუს დირიჟორ ვალერი გერგიევთან ერთად დაკვრაზე საჯაროდ ამბობს უარს რადგან ის პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერია. ამ პრინციპის დარღვევისთვის ბევრი დღემდე მკაცრად კიცხავს საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანს, რომელმაც გაუმართლებელი სამოქალაქო პოზიცია დაიჭირა და რუსეთის არმიის (!) სპორტულ კლუბს შეუერთდა. მრავალი მაგალითი გვაქვს რიგითი მოქალაქეების აქტიურობისაც, იქნება ეს რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი თუ სოციალური ქსელებით რუსეთის დანაშაულებებეზე ინფორმაციის გავრცელება.  

დასკვნის მაგიერ: ოკუპაციის თემის საერთაშორისო დღის წესრიგში დასაბრუნებლად სახელმწიფო რესურსის სრული მობილიზაცია და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევაა საჭირო. უმეტესობა ჩვენგანს დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. ომიდან 12 წლის შემდეგ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი ეს სადღეგრძელოდ ქცეული ოცნება რეალურ პოლიტიკაში ვთარგმნოთ. როგორც ახლადდამოუკიდებელი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს 1993 წლის მემორანდუმში ვკითხულობთ: “ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი მარტივია: დრო ცოტაა და დრო მცირე სახელმწიფოებს არ დაელოდება.” ცხადია, რომ ჩვენი თავისუფლება ჩვენივე დასაცავია და თუ თავქუდმოგლეჯილი სირბილითაც კი შესაძლოა ადგილიდან ვერ დავიძრათ, ჩანს რომ კიდევ ორჯერ სწრაფად მაინც უნდა გავიქცეთ უკეთეს საქართველოში მოსახვედრად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები