ომში დაღუპულები

სამგორში ომში დაღუპული მამა-შვილის, ვახტანგ და ბადრი გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, თბილისში, სამგორის რაიონში, ომში დაღუპული მამა შვილის, ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა.  

ვახტანგ გზირიშვილი აგვისტოს ომში დაიღუპა, ბადრი გზირიშვილი კი - აფხაზეთის ომში.

"ვახტანგ გზირიშვილი აგვისტოს ომის გმირია, რომელიც რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად, სოფელ ტბეთთან მაშინ დაიღუპა, როდესაც დაჭრილი სამხედროები სამშვიდობოზე გამოჰყავდა. აფხაზეთის ომის გმირია მისი მამა- ბადრი გზირიშვილი, რომელიც სოფელ ტამიშში დაიღუპა. გზირიშვილების ოჯახმა სამშობლოს ერთიანობისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე 2 ადამიანი დაკარგა". – თქვა გიორგი ტყემალაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები