აშშ-საქართველო

ბაქრაძე: აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი საქართველოა - არა ქართული ოცნება

დავით ბაქრაძე
ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრი დავით ბაქრაძე საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას, განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, "სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა ბოლო წლებში ისეთია, როგორიც არასდროს ყოფილა". ბაქრაძის თქმით, აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი საქართველოა და არა ქართული ოცნება

"ბატონ გახარიას არ ემახსოვრება, ის ამ დროს მოსკოვში საქმიანობდა, მაგრამ თუ გადახედავს 8-10-12 წლის წინანდელ განცხადებებს და აშშ-ს კონგრესის რეზოლუციებს, დაინახავს, რომ აშშ-ს კონგრესი ყოველთვის იყო საქართველოს მთავარი მხარდამჭერი NATO-ში გაწევრიანების პროცესში. 

დღევანდელი ხელისუფლების "დამსახურება" არის ის, რომ დღეს საქართველოს მიმართ აშშ-ს კონგრესს გააჩნია ისეთი კითხვის ნიშნები, რომელიც არასდროს ჰქონია. დიახ, საქართველო რჩება ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორად, დიახ, ქართველი ხალხი იმსახურებს NATO-ში გაწევრიანებას, მაგრამ ხელისუფლებამ და ქართულმა ოცნებამ "მოახერხა", რომ დღეს კონგრესი პირობით გვიჩერებს ქართველი ხალხისთვის გამოსაყოფ დახმარებას. ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგი. საქართველო არის აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი, ოღონდ საქართველო და არა ქართული ოცნება." – ამბობს დავით ბაქრაძე. 

გახარია კონგრესმენის, ადამ კინზინგერის კომენტარს გამოეხმაურა. პრემიერმინისტრის სიტყვებით, "მიუხედავად კერძო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვახერხებთ და ვაღრმავებთ სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენს ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე." 

ადამ კინზინგერმა გუშინ, 7 აგვისტოს, თქვა, რომ საქართველოსთვის დრო დადგა, გახდეს NATO-ს სრულუფლებიანი წევრი.

კომენტარები