აშშ

ამერიკის პასუხი ავტორიტარებს და კრიტიკოსებს - ანგარიში ადამიანის განუყოფელ უფლებებზე

ქეთი ხუციშვილი
0 კომენტარი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გასულ წელს განაცხადა, რომ დრო იყო შეექმნათ დოკუმენტი, რომელიც ნათლად ასახავდა და განმარტავდა აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში და ინტერესებში ადამიანის უფლებების როლს, ამერიკულ იდეალებს და აშშ-ს მიერ აღებულ საერთაშორისო პასუხისმგებლობას.

“სამწუხაროა, რომ ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაციის მიღებიდან 70 წლის შემდეგ მსოფლიოში გრძელდება უხეში დარღვევები, მათ შორის ადამიანის უფლებების სახელით. საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც ადამიანის უფლებების დასაცავად შეიქმნა, ამ მისიას აცდნენ. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრეტენზიები გაიზარდა, ზოგიერთი მოთხოვნა ეწინააღმდეგება სხვებს, წარმოშობს კითხვებს და დაპირისპირებას იმაზე, თუ რომელი უფლება იმსახურებს პატივისცემას. ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები დაბნეულები არიან იმაზე, თუ რა არის მათი პასუხისმგებლობები. ამის ფონზე და ამის გათვალისწინებით, სწორი დროა ინფორმირებული მიმოხილვისათვის, თუ რა როლი აქვს ადამიანის უფლებებს ამერიკის საგარეო პოლიტიკაში”. - თქვა პომპეომ 2019 წლის ივლისში.

სწორედ ამისათვის შეიქმნა განუყოფელი უფლებების კომისია, რომელიც ექსპერტებით დაკომპლექტდა და ერთი წლის შემდეგ მათ ანგარიში წარადგინეს.

ანგარიში ეფუძნება როგორც აშშ-ს კონსტიტუციას, ასევე მის როლს საერთაშორისო უფლებების პრინციპების ჩამოყალიბებაში და განმარტავს თუ რა ლეგალური და მორალური უფლება და ვალდებულება აქვს აშშ-ს დაიცვას ადამიანის უფლებები მსოფლიოში.

ანგარიშის გამოქვეყნება დაემთხვა თავად აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. პანდემიის ფონზე მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებით შექმნილი კრიზისით სარგებლობა გადაწყვიტა აშშ-ს არაერთმა მეტოქემ, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს აშშ-ს მორალური უფლება მიუთითოს სხვა ქვეყნებს ადამიანის უფლებების დარღვევაზე მაშინ, როდესაც თავად ამერიკაში შავკანიანები კვლავ იბრძვიან რასობრივი თანასწორობისათვის.

ამ თემას შეეხო პომპეო ანგარიშის წარდგენისას გაკეთებულ გამოსვლაში, როდესაც გაიხსენა ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვა: “გვაქვს თუ არა იმის ფიქრის საფუძველი, რომ ჩინეთი უფრო ნაკლებად მორალური ადგილია, ვიდრე აშშ?”

“ჭეშმარიტად, გვაქვს ყველა საფუძველი არა მხოლოდ გვჯეროდეს, არამედ ვიცოდეთ, რომ ჩვენი გამორჩეული ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს ანიჭებს განუზომლად მეტ თავისუფლებას, ვიდრე ჩინეთის კომუნისტური პარტია ოდესმე დაუშვებს. მაგრამ, მხოლოდ ის ფაქტიც, რომ ეს შეკითხვა დაისვა, ღრმად შემაშფოთებელია”. - თქვა სახელმწიფო მდივანმა ფილადელფიაში გამოსვლისას.

ამ ფონზე, განუყოფელი უფლებების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში მართლაც დროულია, რათა პასუხი გასცეს არა მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმების, არამედ სხვადასხვა მიზეზის გამო აშშ-სადმი კრიტიკულად განწყობილთა კითხვებს იმაზე, თუ რა უფლება აქვს ამერიკას მიუთითოს სხვა ქვეყნებს ადამიანის უფლებების დარღვევებზე მაშინ, როდესაც ბოლომდე არ აღმოუფხვრია საკუთარ ქვეყანაში არსებული პრობლემები.

“მაშინ, როდესაც მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ამერიკაზე, მან უნდა აჩვენოს ისეთივე გულწრფელი თვითანალიზი და გამოსწორების მცდელობა, რასაც სხვებისგან მოელის. ამერიკის ერთგულება განუყოფელი უფლებების  მიმართ - უფლებების, რომელსაც იზიარებს ყველა ადამიანი - ნაკლებს არ მოითხოვს”. - ნათქვამია ანგარიშის პირველივე გვერდზე.

ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის პროექტი კრიზისშია და კვლავ გრძელდება სხვადასხვა ქვეყნების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა და ეჭვის შეტანა საერთაშორისოდ აღიარებული უფლებების უნივერსალურობაში. სწორედ ამიტომ მათ შეისწავლეს და წარმოადგინეს ამ უფლებების საფუძვლები და აშშ-ს როლი მის შემუშავებაში.

მიზეზი, რის გამოც ავტორებს მიაჩნიათ, რომ დღეისათვის ზოგიერთი ლიბერალური დემოკრატიაც კი ვეღარ ხედავს საერთაშორისო პოლიტიკაში ადამიანის უფლებების გადაუდებელ როლს, რამდენიმეა, მათ შორის არის აზრთა სხვადასხვაობა ფუნდამენტური უფლებების ბუნებაზე და საერთაშორისო ინსტიტუტების მუშაობით იმედგაცრუება. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ავტორიტარული რეჟიმები კვლავ აგრძელებენ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, ეთნიკურ უმცირესობებს საკონცენტრაციო ბანაკებში ათავსებენ, იზღუდება გამოხატვის, რწმენის, შეკრების თავისუფლება, ირღვევა ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა საკუთრების და სიცოცხლის უფლებაც კი.

“მოკლედ რომ ვთქვათ, ახლა ადამიანის უფლებები არასწორად ესმის ბევრს, ზოგი მისით მანიპულაციას ცდილობს, ყველაზე უარესი დამრღვევები მას საერთოდ უგულებელყოფენ და ის ახალი საფრთხეების წინაშე დგას”. - ვკითხულობთ ანგარიშში.

ავტორები თავდაპირველად განსაზღვრავენ განუყოფელი უფლებების ბუნებას და შინაარსს, რომელიც აშშ-ს შემთხვევაში დამოუკიდებლობის დეკლარაციაში და კონსტიტუციაში არის გაწერილი. აშშ-ს დამფუძნებელ მამებს მიაჩნდათ, რომ მთავარი განუყოფელი უფლებები არის საკუთრების და რელიგიური თავისუფლების უფლება. საკუთრებაში იგულისხმება არა მხოლოდ ქონება და ადამიანის მიერ შრომით შეძენილი საკუთრება, არამედ სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება. ხელისუფლება, რომელიც ამ უფლებებს არღვევს ლეგიტიმურობას კარგავს.

სწორედ ამას ეფუძნება აშშ-ს საგარეო პოლიტიკაც და ამით არის განპირობებული ის, რომ ამერიკა მხარს უჭერს ლიბერალურ დემოკრატიებს, რომლებიც ყველაზე უკეთ იცავენ ადამიანის უფლებებს.

ამისათვის აშშ-ს არაერთი მეთოდი გააჩნია, იქნება ეს დიპლომატია, საგარეო დახმარება თუ სანქციები.

“დღევანდელ მჭიდრო ურთიერთკავშირის სამყაროში ქვეყნის შიგნით თავისუფლების დაცვისათვის საჭიროა აშშ დაეხმაროს საზღვარგარეთ თავისუფლების მეგობრებს თავიდან აიცილონ თავისუფლების მტრებისგან მომავალი აგრესია”. - ვკითხულობთ ანგარიშში.

სწორედ ამას ემსახურებოდა 1948 წელს გარეოს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაცია, რომელიც, როგორც ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ ფართო და უნივერსალურ პრინციპებს მოიცავს, რომ გაითვალისწინოს კულტულური და რელიგიური სხვაობები, რომლებიც ქვეყნებს ერთმანეთისგან ასხვავებს და შესაძლებელი იყოს მათ შორის შეთანხმების მიღწევა. მათ შორის არის სიცოცხლის, თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, დაცვა წამებისა და მონობისაგან, კანონის წინაშე თანასწორობის გარანტია, კერძო საკუთრების უფლების დაცვა, შემეცნების, რწმენის, გამოხატვის, შეკრების და არჩევნებში მონაწილეობის თავისუფლება.

“უნივერსალური დეკლარაციის შემდეგ, ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაიწყებს მტკიცებას, რომ ის, თუ როგორ ეპყრობა საკუთარი მოქალაქეების უფლებებს მხოლოდ მისი შიდა საქმეა”. - ნათქვამია ანგარიშში.

თუმცა, აშშ მსგავს შემთხვევებში ჩარევის გამო არაერთხელ დაუდანაშაულებიათ სუვერენიტეტის დარღვევაში. სწორედ ამიტომ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ, სუვერენიტეტი ვერ იქნება ადამიანის უფლებათა დარღვევის ალიბი:

“როდესაც სახელმწიფო უფლებების დარღვევაზე რეაგირებაში არსებულ ჩავარდნას სუვერენიტეტით ამართლებს, პრობლემა არის არა სუვერენიტეტის იდეაში, არამედ მის არასწორ გამოყენებაში. სწორი რეაგირება პოლიტიკური წყობის რეფორმაა, მათ შორის სხვა ქვეყნების დახმარებით, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვისადმი საკუთარ ვალდებულებებზე დაყრდნობით მოქმედებენ”.

ასევე აღნიშნულია ის საფრთხეები, რასაც ეს დაშვება შეიცავს. მაგალითად, წარსულში უფლებების დაცვა არაერთხელ მოუმიზეზებიათ ავტორიტარულ რეჟიმებს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის და მათი მოქალაქეების უფლებების დარღვევის გასამართლებლად. ასე იქცევა რუსეთი, როდესაც ცდილობს გაამართლოს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია.

“საგარეო პოლიტიკის და დახმარების ფოკუსი უნდა იყო არა მხოლოდ უფლებების დარღვევის აღკვეთა, არამედ გასაჭირში მყოფი ქვეყნის დახმარება...აშშ-ს საგარეო პოლიტიკა ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი, ეფექტური ინსტიტუტების და კარგი მმართველობის ჩამოყალიბებას ყველა ქვეყანაში”. - ვკითხულობთ დოკუმენტში.

კიდევ ერთი საფრთხე, რომელიც დოკუმენტში არის გამოყოფილი შეეხება უფლებების გაფართოების საკითხს, რაც, ავტორების აზრით, ზოგიერთ შემთხვევაში არათუ აძლიერებს, არამედ ასუსტებს ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ პრინციპებს და საფრთხეს უქმნის ყველაზე ჩაგრულებს, რამდენადაც, ყველა უფლების ფუნდამენტურ, განუყოფელ უფლებად წარმოჩენა უნივერსალურად აღიარებულ უფლებებს აუფსურებს.

“უფლებების გაზრდის მოთხოვნები, რაც ზოგ შემთხვევაში სამართლიანია და დაგვიანებული, გარკვეულ პრობლემებს იწვევს. სახელმწიფოს მხრიდან ყველა ჩარევა ან ზომების მიღება მხოლოდ იმის გამო არ არის სწორი, რომ მისით ზოგი ან თუნდაც ყველა მოქალაქე სარგებლობს და ყველა უფლება, რომელის დაწესებასაც დემოკრატიული უმრავლესობები ირჩევენ, არ არის განუყოფელი. ცდუნება იმისა, რომ საკამთო პოლიტიკური პრეფერენციები ადამიანის უფლებების მანტიაში შევმოსოთ, რომელიც ობიექტურად და უნივერსალურად ჭეშმარიტად მიიჩნევა, და ვეძებოთ საბოლოო და დამავალდებულებელი გადაწყვეტილება სასამართლოს გზით, დემოკრატიულ დებატებს ახშობს, რაც თავის მხრივ კრიტიკული მნიშვნელობისაა თვითმმართველობის და შესაბამისად განუყოფელი უფლებების დაცვისათვის”.

თავად პომპეომ ანგარიშის წარდგენისას სიტყვით გამოსვლის დროს გაიხსენა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ანტონინ სკალიას სიტყვები:

“როგორც სკალია ამბობდა, საბჭოთა კავშირს გრძელი და ლამაზი ადამიანი უფლებათა დოკუმენტი ჰქონდა, რომელიც სავსე იყო შთამაგონებელი დაპირებებით და ამ დაპირებებს ფასი არ ჰქონდა”. - თქვა მან. პომპეო, ისევე, როგორც ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ აშშ ეთანხმება იმ პრინციპებს, რომელთა დასაცავად მზადაა და რაზეც სხვა ქვეყნების წინაშე პასუხს აგებს, განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ხელს აწერენ ხელშეკრულებებს, შემდეგ კი უხეშად არღვევენ მათ."

ამ კუთხით დოკუმენტში ხაგზასმულია საერთაშორისო ორგანიზაციების ლეგიტიმურობის და ეფექტურობის პრობლემა, რომელიც დგება იმიტომ, რომ ქვეყნები, რომლებიც ამ ორგანიზაციების წევრობის შედეგად პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებების დარღვევის მონიტორინგზე, თავად სჩადიან უხეშ დარღვევებს. მაგალითად გამოდგება ვენესუელის არჩევა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში ან ამავე საბჭოს თავმჯდომარედ საუდის არაბეთის დამტკიცება. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ არ გამართლდა რუსეთზე და ჩინეთზე დამარებული იმედებიც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში მათი მიღებით და თანამშრომლობით ისინი დემოკრატიული ღირებულებების და ადამიანის უფლებების დაცვას დაიწყებდნენ.

“რუსეთი და ჩინეთი არა მხოლოდ რეპრესიულ პოლიტიკას მხოლოდ საკუთარ ქვეყნებში არ ეწევიან, არამედ აქტიურად ცდილობენ გაავრცელონ დესპოტური პოლიტიკური მოდელი საერთაშორისო ასპარეზზე”. ავტორები აღნიშნავენ თანამედროვე საფრთხეებსაც, რაც მათ ამ მიზნის განხორციელებაში ხელს უწყობს, როგორებიცაა კიბერ-თავდასხმები, თვალთვალი, ინტერნეტ ცენზურა საკუთარ ქვეყნებში, პანდემიის პერიოდში განხორციელებული დარღვევები და სხვა.

ანგარიშში უფლებების გაფართოებასთან დაკავშირებული საფრთხეების მაგალითად მოყვანილია მიმდინარე დებატები სიტყვის თავისუფლების დაცვის და სიძულვილის ენის აკრძალვის თემაზე. გამოიწვევს თუ არა სიძულვილის ენის აკრძალვა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას? აშშ-ს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციაა, რომ სიტყვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება და ამის გამო სიძულვილის ენის აკრძალვაზე მიღებულ ნორმებს არ იზიარებს. იმისათვის, რომ აშშ-ს ახალი ნორმები გაიზიაროს, ისინი უნდა ეფუძნებოდნენ უნივერსალურ დეკლარაციას, აშშ-ს კონსტიტუციაში გაწერილ პრინციპებს და სხვა დემოკრატიებთან ერთად შეთანხმებულ მექანიზმებს. ამასთანავე, იმისათვის, რომ მიჩნეული იყოს უნივერსალურად, ამ ნორმებზე უნდა შედგეს კონსენსუსი განსხვავებული ტრადიციების და კულტურის მქონე ქვეყნებს შორის.

ანგარიშის ამ ნაწილმა მძაფრი კრიტიკა გამოიწვია, როდესაც ის გამოქვეყნდა და კომენტარების მიღების 2-კვირიანი პერიოდი დაიწყო. გარდა ამისა, აშშ-ს აკრიტიკებდნენ ორმაგი სტანდარტების გამო. კრიტიკოსების თქმით აშშ ადამიანის უფლების დაცვაზე ლაპარაკობდა ჩინეთის კონტექსტში მაშინ, როდესაც მჭირდო თანამშრომლობას აგრძელებდა საუდის არაბეთთან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თუ ტრამპის გადაწყვეტს ჟურნალისტის მკვლელობის და იემენში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მიუხედავად იარაღი მიჰყიდოს საუდის არაბეთს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აშშ თვალს ხუჭავს სამეფოს მიერ ჩადენილ დარღვევებზე. მაგალითისთვის, აშშ-ს კონგრესის ორივე პალატამ უკვე მიიღო საუდის არაბეთისთვის დახმარების შეწყვეტის რეზოლუცია. აშშ-ს აკრიტიკებენ იმ დარღვევებზეც, რაც თავად ქვეყანაში ხდება, ან რაც წარსულში საზღვარგარეთ მის ქმედებებს მოჰყოლია. ამას თვალს უსწორებენ ანგარიშის ავტორებიც.

“აშშ-მ ადამიანის უფლებათა დამცველის როლი იკისრა მაშინ, როდესაც ტვირთად აწვა თავისუფლების და თანასწორობის პრინციპების უხეში დარღვევის ისტორია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ...

..საბჭოთა კავშირის მსგავსად, ჩინეთმა, ირანმა და რუსეთმა დრო არ დაკარგეს და სცადეს ჩვენი ქვეყნის შიდა ჩავარდნების გამოყენება უნივერსალური უფლებების დაცვაში მისი პოზიციის გასანადგურებლად. ვერ იარსებებს მორალური თანასწორობა იმ ქვეყანას შორის, რომელიც უფლებებს პატივს სცემს, თუმცა აქვს ჩავარდნები იდეალებისაკენ პროგრესში და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რეგულარულად და მასიურად თელავენ საკუთარი მოქალაქეების უფლებებს”.

ანგარიშის ავტორები აღიარებენ, რომ აშშ-ს საკუთარი პრობლემები აქვს, რომლებსაც უნდა გაუმკლავდეს და მათ მიაჩნიათ, რომ სწორედ ამგვარად ხდება ამერიკა მაგალითი სხვებისათვის, თუ როგორ უნდა იბრძოლონ და დაიცვან ადამიანის ფუნამენტური უფლებები.

“ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა, რომლითაც აშშ საზღვარგარეთ ადამიანის უფლებებს უწყობს ხელს, არის იმის მაგალითად ყოფნა, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოება, რომელიც უფლებებს პატივს სცემს, სადაც მოქალაქეები ერთად ცხოვრობენ ერთი კანონით, ქვეყანაში, სადაც დიდი რელიგიური, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნებაა. როგორც ყველა სხვა ქვეყანას, აშშ-საც აქვს ჩავარდნები. მიუხედავად ამისა, ამერიკის თავისუფლების, თანასწორობის და დემოკრატიული თვითმმართველობის მაგალითი დიდი ხანია შთააგონებს ადამიანის უფლებათა დამცველებს მთელ მსოფლიოში. ამერიკის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვამ გაამხნევა ათობით მილიონი ქალი და კაცი, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმების მმართველობის პირობებში იტანჯებოდნენ, სადაც მუდმივად თელავდნენ საკუთარი მოქალაქეების უფლებებს.”

ამ განცხადებით დოკუმენტი იზიარებს ჯონ ვინთროპის ხედვის რეიგანისეულ გააზრებას. გამოსამშვიდობებელ სიტყვაში რონალდ რეიგანმა ამერიკელებს მიმართა და განაცხადა, რომ 200 წლის შემდეგაც აშშ კვლავ დგას როგორც “ელვარე ქალაქი მთასა ზედა” და კვლავ არის შუქურა ყველასთვის, ვინც თავისუფლებისათვის იბრძვის.

სწორედ ამას ემსახურება ის პოლიტიკა, რასაც ამჟამად აშშ საერთაშორისო ასპარეზზე ატარებს. იქნება ეს სანქციები რუსეთის და ჩინეთის წინააღმდეგ, აქტების მიღება ადამიანის უფლებების დამრღვევთა დასასჯელად (როგორებიცაა მაგნიტსკის აქტი, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის აქტი, ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებების და დემოკრატიის აქტი, უიღურების უფლებების პოლიტიკის აქტი და ა.შ.), თუ მოკავშირეთა მხარდაჭრა დემოკრატიული განვითარების გზაზე. ასეთი მოკავშირეა საქართველოც, რომელიც ბოლო პერიოდში ხშირად ექცევა ამერიკელი კონგრესმენების ყურადღების ცენტრში. სწორედ პომპეომ უნდა შეაფასოს საქართველოში დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის დაცვის, სამართლიანი სასამართლოს კუთხით არსებული მდგომარეობა და სწორედ მის შეფასებაზე იქნება დამოკიდებული აშშ-ს მხრიდან საქართველოს დახმარების ოდენობა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები