აგვისტოს ომი

მდინარაძე: ღალატის ტოლფასი საქციელით მივიღეთ, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% დაკარგულია

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

"ღალატის ტოლფასი საქციელით მივიღეთ, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% დაკარგულია". – ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე 2008 წლის ომზე საუბრისას. 

"მოდით, ნუ ვილაპარაკებთ რისკებზე. ჩვენ რისკიან გზაზე არ დავდივართ. რისკიან გზაზე იარეს, სამწუხაროდ, ისევ ქართველებმა 2012 წლამდე. ამ რისკიან გზას მოჰყვა პროვოკაციაზე წამოგება, შემდეგ საკუთარი თავისა და საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება, რაც აბსოლუტურად თავისუფლად, გადაჭარბების გარეშე, არ მინდა რომ ეს სიტყვა გამოვიყენო დღევანდელ დღეს, მაგრამ მაინც მიწევს - ღალატის ტოლფასი იყო ის საქციელი, რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს. ამ ღალატის ტოლფასი საქციელით ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - ჩვენი 20% ტერიტორიებისა არის დღეს დაკარგული."– ამბობს მდინარაძე.  

დღეს, აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგ, ქართული ოცნების წევრები გაკეთებულ განცხადებებში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებენ. ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოკუპაციას ორი თანაავტორი ჰყავს - პუტინი და სააკაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სახეა, "როცა სამხედრო თვითმფრინავის დანახვაზე გარბის ბრძოლის ველიდან". თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფორმულასა და მთავარის ჟურნალისტებს პუტინისტებს უწოდებს და ამტკიცებს, რომ "რუსული ოკუპაცია განაპირობა თქვენმა ბელადმა სააკაშვილმა და ამ ტელევიზიის დამფინანსებელმა - კეზერაშვილმა". რაც შეეხება საქართველოს პრემიერმინისტრს, გახარიამ გუშინ თქვა - "ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს, რადგან კარგად ვიცით, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს."

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. 

ქართული ოცნების რიტორიკა აგვისტოს ომზე - სრულად წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები