7 მითი აგვისტოს ომზე

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" – მითი აგვისტოს ომზე

აგვისტოს ომზე გავრცელებული ერთ-ერთი მითის მიხედვით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა.  

ტაბულა ამ მითზე ევროპული საქართველოს დეპუტატს, გიორგი კანდელაკს ესაუბრა. კანდელაკი 2008 წლის ომის დროს საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. გიორგი კანდელაკის თქმით, ომის წინა პერიოდში საქართველოს დე ფაქტო ოკუპირებული ორი რეგიონი ჰქონდა, სადაც "ოკუპანტს ჰქონდა მოსხმული შუამავლისა და მშვიდობისმყოფელის მანტია." 

"სინამდვილეში, ამ ტერიტორიების უდიდესი ნაწილი, დე ფაქტო 2008 წლამდეც ოკუპირებული ჰქონდა რუსეთის ფედერაციას. ეს საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება ფორმალურად მიეცა 2008 წლის ომის შემდეგ. 

ამ ფაქტს, რომ მათი ჯარები იქ ისედაც განლაგებულები იყვნენ, უბრალოდ, მათ ჰქონდათ სამშვიდობო ძალების მანტია მოსხმული, რუსეთის ფედერაცია საქართველოზე ზეწოლისთვის იყენებდა ხოლმე სხვადასხვა ეპიზოდებში. მაგალითად, 1998 წელს, 2004 წელს. 2008 წელს მათ ეს ბერკეტი სრულმასშტაბიანად აამოქმედეს. 

1993 წლის ზაფხულში, როდესაც მიმდინარეობდა ძალიან სისხლისმღვრელი და ტრაგიკული ომი აფხაზეთში, რომელშიც რუსეთის ფედერაცია პირდაპირ მონაწილეობდა, რუსეთის ფედერაციის ვითომ შუამავლობით მოაწერეს ხელი საქართველომ, აფხაზურმა მხარემ, რომელიც სინამდვილეში რუსეთის ფედერაცია იყო და რუსეთის ფედერაციამ, როგორც შუამავალმა, სოჭის ხელშეკრულებას. მეორე საკითხია, რომ ომში მონაწილე მხარემ აიძულა საქართველო, რომ ის ყოფილიყო ფორმალურად ვითომ შუამავალი, სინამდვილეში კი, რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა, როგორც საერთაშორისო სამართალში უწოდებენ, ეფექტურ კონტროლს იმ სეპარატისტულ და სამხედრო სტრუქტურებზე. ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ აფხაზეთის ნახევრიდან, რომელსაც იგი ამ მომენტში აკონტროლებდა, გამოიყვანა მძიმე ტექნიკა და არტილერია. სულ ორიოდე კვირის შემდეგ, ამ ხელშეკრულების დარღვევით, რუსეთის ფედერაციამ და მათმა სატელიტებმა საქართველოში წამოიწყეს შეტევა საქართველოს წინააღმდეგ, დაუცველი სოხუმის წინააღმდეგ და იქ მართლა სისხლის მდინარეები დადგა, დაიღუპა ძალიან ბევრი, ათასობით ჩვენი თანამოქალაქე. აფხაზეთის ომამდელი მოსახლეობის უმრავლესობა გამოიდევნა იმ ეთნიკური წმენდის შედეგად, რაც მათ იქ დაატრიალეს.  

ამ ტერიტორიის უდიდესი ნაწილი, ფაქტობრივად, 80%, იქცა უკვე ოკუპირებულად. რუსეთის ფედერაცია ამ ბერკეტს აათამაშებდა ხოლმე, როცა მას ეს დასჭირდებოდა. ამიტომ, მტკიცება იმისა, რომ თითქოს საქართველო ამ რეგიონებს აკონტროლებდა და შემდეგ მოხდა ამ ტერიტორიების ოკუპაცია, ტყუილია." – ამბობს კანდელაკი. 

კომენტარები