ექიმების დაკავება

ტიკარაძე: საჭიროა ცვლილებები, ყიფიანი უნდა იყოს ბოლო ექიმი, ვინც ასეთ გაუგებრობაში მოხვდა

მთავრობის ადმინისტრაცია

"ვახტანგ ყიფიანი უნდა იყოს ბოლო ექიმი, რომელიც მოხვდა იმ გარკვეულ გაუგებრობაში, სადაც მას, დღესდღეობით, ეწოდა თაღლითი ექიმის სახელი". – ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე იმ ექიმის დაკავებას, რომელიც თბილისის პროკურატურამ გულგრილობისა და თაღლითობის ბრალდებით დააკავა. 

მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით საქართველოს საკანონდებლო ბაზა მომზადებული არაა და ამის გამო იკვეთება გადაცდომები. 

“ეს კონკრეტული შემთხვევა საკმაოდ კომპლექსური და რთული შემთხვევაა, აქედან გამომდინარე, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს 20 თვეა აქტიური გამოძიება, მე არ მაქვს უფლება გავაკეთო კონკრეტული დასკვნა იმასთან დაკავშირებით, ის დამნაშავეა თუ არა. აქ საუბარია, დანაშაულის სიმძიმეზე და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საკანონმდებლო ბაზა არ არის სათანადოდ მომზადებული, რა თქმა უნდა, იკვეთება გარკვეული გადაცდომები, თუმცა აქ ასევე აღსანიშნია, რომ დანაშაულს გააჩნია თავის სიმძიმე”. – ამბობს ტიკარაძე. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, განსაზღვრული იყოს კომპეტენციები, თუ რომელ ექიმს რა ჩარჩო დოკუმენტით და რეგულაციით აქვს უფლება მიიღოს გარკვეული ტიპის პაციენტი და შესაბამისად განახორციელოს გარკვეული ტიპის ჩარევა.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, არაერთი მსჯელობა სამინისტროს მხრიდან ინიცირებულ კანონზე, რის შედეგადაც სამინისტრო იძულებული გახდა, რომ გამოეწვია კანონი საკანონმდებლო ორგანოდან. ეს უმოკლეს ვადაში უნდა იქნეს მიღებული, რათა მსგავსი შემთხვევები დარეგულირებული იყოს რეგულირების სააგენტოს, სამინისტროს, კლინიკასა და პაციენტს შორის მანამ, სანამ ეს მიიღებს მსგავს დრამატულ განვითარებას". – ამბობს ტიკარაძე. 

4 აგვისტოს, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობისთვის თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი დააკავეს. 

პროკურატურის ინფორმაციით, 2018 წელს კლინიკაში არალიცენზირებულმა ექიმებმა პაციენტი დაარწმუნეს, რომ მისი გამოკვლევები იტალიაში გადააგზავნეს და ოპერაცია 2-ჯერ ჩაუტარეს. პაციენტი 2018 წლის 11 დეკემბრიდან კომაშია.

უწყების ცნობით, ერთი ექიმის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის თაობაზე დაუსწრებლად არის დადგენილება გამოტანილი. 

5 აგვისტოს განცხადება გაავრცელა თბილისის ცენტრალურმა კლინიკამაც.  სამედიცინო დაწესებულება ერთმნიშვნელოვნად და სრულად უარყოფს დაკავებულ პირთა მიმართ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს და მიიჩნევს, რომ ბრალდების საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაცია არის "აბსურდული და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს".

კლინიკაში აცხადებენ, რომ უსაფუძვლო და მცდარია პროკურატურის განცხადება, რომლის მიხედვითაც, დაკავებულ ექიმს, ვახტანგ ყიფიანს, არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია მოცემული სერვისის ჩასატარებლად.

კომენტარები