კორონავირუსი საქართველოში

ტურიზმის ადმინისტრაცია: მესტიაში, 18 სასტუმროში საკარანტინო სივრცეები მოეწყობა

ტურიზმის ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მესტიაში, 18 სასტუმროში საკარანტინო სივრცეები მოეწყობა. უკვე მზად არის ჯამში 327 ოთახი. 

მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს კონტრაქტების გაფორმება სასტუმროებთან საკარანტინო ზონების მოსაწყობად, მოქალაქეებს საშუალება აქვთ დარჩნენ იმ სასტუმროებში, სადაც შეიძლება საკარანტინო სივრცე მოეწყოს, ან მათ გადაიყვანენ სხვა რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეში.

უწყების ცნობით, ამ დროისათვის ცხელი ხაზის 144-ის საშუალებით, იდენტიფიცირებულია ტურისტების პირველი ნაკადი. სურვილიდან გამომდინარე ტურისტების გადაყვანა უკვე დაიწყო მესტიის მუნიციპალიტეტთან ახლოს მდებარე, რეგიონებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში.

"მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს 100-ზე მეტ განთავსების ობიექტთან სტუმრების რაოდენობის დასადგენად. ადმინისტრაციის ორგანიზებით მუნიციპალიტეტში მობილიზებულია ტრანსპორტი მოქალაქეების ორგანიზებულად გადასაყვანად. შესაბამისი პროტოკოლის დაცვით დახმარებას გაუწევენ იმ მოქალაქეებს, ვინც საკუთარი ტრანსპორტით იმყოფება სვანეთში". –აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. 

10 აგვისტოს ახალი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში დადასტურდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქნება შესაძლებელი. მუნიციპალიტეტის დატოვების შემთხვევაში კი მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო კარანტინს.

კერძოდ, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ასევე, საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენჯერში, რაც ამ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს.

 

რა შეზღუდვები წესდება მესტიაში სრულად ნახეთ აქ.

კომენტარები