კორონავირუსი საქართველოში

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში კორონავირუსზე ტესტი 400-მდე ადამიანს ჩაუტარდა

exclusivenews

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში კორონავირუსზე ტესტი 400-მდე ადამიანს ჩაუტარდა.

მისივე თქმით, ტესტის პასუხები დილით გახდება ცნობილი.

"სოფელ ლენჯერში ეპიდემიოლოგიური კვლევები დილიდან გაგრძელდება. ტურისტები, რომლებიც ამ დრომდე მესტიის მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ, საკარანტინო სივრცეებში უკვე განთავსდნენ". –ამბობს ვიბლიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 

10 აგვისტოს ახალი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში დადასტურდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქნება შესაძლებელი. მუნიციპალიტეტის დატოვების შემთხვევაში კი მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო კარანტინს.

კერძოდ, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ასევე, საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენჯერში, რაც ამ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მესტიაში, 18 სასტუმროში საკარანტინო სივრცეები მოეწყობა. უკვე მზად არის ჯამში 327 ოთახი. 

კომენტარები