ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, ბელარუსი დატოვა

0 კომენტარი
სვეტლანა ტიხანოვსკაია ფოტო: EPA

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა და ლიტვაში იმყოფება. ამის შესახებ ინფრომაციას BBC ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოპოზიციის მთავარმა ლიდერმა ბელარუსი სამოქალაქო პროტესტის გააქტიურებიდან მეორე დღეს დატოვა. ტიხანოვსკაიას გუნდის ცნობით, ის პროტესტს "შესაძლო პროვოკაციების" გამო არიდებს თავს.

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80.23% მიიღო, თუმცა სვეტლანა ტიხანოვსკაია ამ შედეგებს არ აღიარებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ბელარუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა.

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ბელარუსის მოსახლეობა ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. საპროტესტო გამოსვლები ბელარუსის დედაქალაქში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო. სხვადასხვა ცნობებით, მინსკის აქციაზე 5000 ადამიანი გამოვიდა. საპროტესტო შეკრებები გაიმართა ქვეყნის სხვა მსხვილ ქალაქებშიც, მათ შორის, ბრესტში, ვიტებსკში, მოგილოვში.

ბელარუსის შსს-ს ინფორმაციით, აქციების დროს დაშავდა პოლიციის 39 თანამშრომელი და 50-ზე მეტი სამოქალაქო პირი. პროტესტის დროს დააკავეს 3 000-ზე მეტი ადამიანი, მათგან დაახლოებით 1 000 მინსკში, დანარჩენები კი ბელარუსის ოცდაათამდე სხვა ქალაქში.

პოლიციამ აქციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები