ზელიმხან ხანგოშვილი

მაასი: ბერლინში ხანგოშვილის მკვლელობამ სერიოზულად დაამძიმა რუსეთ-გერმანიის ურთიერთობები

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ ბერლინის ცენტრალურ პარკში საქართველოს მოქალაქის მკვლელობა, რასაც გერმანელი პროკურორები რუსეთს აბრალებენ, რუსეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობებისთვის სერიოზულ ტვირთად იქცა.

ეს განცხადება მაასმა მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრისას პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

"მკვლელობამ თიერგართენში, რომელსაც პროკურორები მიიჩნევენ, რომ რუსეთის სახელმწიფო ორგანოს მიერ დავალებული იყო, სერიოზულად დაამძიმა ჩვენი ურთიერთობები, ამიტომ მე ნათლად აღვნიშნავ, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოებას, როგორც ონლაინ, ასევე არაონლაინ," – თქვა მან. 

18 ივნისს, გერმანიის პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა

გერმანიის პროკურატურის განცხადების ტექსტში აღნიშნულია, რომ ეჭვმიტანილი რუსეთის სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით მოქმედებდა. გერმანიის პროკურატურის ვერსიით, მკვლელობის დავალება ეჭვმიტანილმა პირდაპირ რუსეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ძალოვანი სტრუქტურებისგან მიიღო.

"შეკვეთილი მკვლელობის მიზეზი გარდაცვლილსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის არსებული მტრული ურთიერთობებია. მოკლულს ასეთივე ურთიერთობები აკავშირებდა ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და, ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთანაც", — ნათქვამია განცხადებაში.

მაშინ ამ სიახლეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი გამოეხმაურა – "გერმანიის მთავრობა იტოვებს უფლებას, დამატებითი ზომები მიიღოს ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს გამორჩეულად სერიოზული შემთხვევაა და ამიტომ, გერმანიის მთავრობის თვალთახედვით, აუცილებელია, საკითხი ბოლომდე გადაჭრას სასამართლომ".

ზელიმხან ხანგოშვილი, რომელსაც გერმანიის პროკურატურა თორნიკე ქავთარაშვილად მოიხსენიებს, ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა.

გერმანულმა მხარემ რუსეთს რამდენჯერმე მიმართა გამოძიებაში დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, 4 დეკემბერს გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით იგივე ზომები მიიღო მოსკოვმაც.

კომენტარები