სლოვაკეთი - რუსეთი

სლოვაკეთიდან სამი დიპლომატის გაძევება ხანგოშვილის მკვლელობასაც უკავშირდება

რადიო თავისუფლება

სლოვაკეთი ჯაშუშობისთვის ბრატისლავაში აძევებს რუსეთის საელჩოს სამ თანამშრომელს. ინფორმაცია ორშაბათს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.

“სლოვაკეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციის თანახმად, მათი მოქმედებები ეწინააღმდეგებოდა ვენის კონვენციას დიპლომატიურ ურთიერთობებთან დაკავშირებით”. – განაცხადა საგარეო სამინისტროს სპიკერმა, იურაი ტომაგამ.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია ჯაშუშობაში ბრალდებული დიპლომატების სახელები. ქვეყნის დატოვებისთვის მათ კვირის ბოლომდე აქვთ.

ტომაგამ ასევე აღნიშნა, რომ სანქტ-პეტერბურგში, სლოვაკეთის საკონსულოში ვიზის გაცემასთან დაკავშირებული სერიოზული დარღვევის შედეგად ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე კიდევ ერთი დანაშაული მოხდა. 

საუბარია, ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის, მკვლელობაზე. არსებული ინფორმაციით, ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქე, ვადიმ კ.-ს ერთწლიანი ვიზა სლოვაკეთის საკონსულოში მისცეს, იმისდა მიუხედავად, რომ მისი პირადი ინფორმაცია ყალბი იყო.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან კორჩოკმა, სანქტ-პეტერბურგში გამომძიებლები გაგზავნა, იმის დასადგენად, ვიზასთან დაკავშირებული დარღვევა სლოვაკი დიპლომატების შეცდომა იყო თუ რუსულ მხარესთან თანამშრომლობის შედეგი.

ივან კორჩოკის განცხადებით, მომხდარი არის სერიოზული პრობლემა არა მხოლოდ სლოვაკეთის, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის.

სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი, იგორ მატოვიჩი, მომხდარს Facebook-ის პოსტით გამოეხმაურა. პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სლოვაკეთის “სლავი ძმა” და სავაჭრო პარტნიორია, ხანდახან აუცილებელია ზღვარი გაივლოს. იგორ მატოვიჩმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც დადასტურდა რუსი დიპლომატების ჩართულობა ჯაშუშობაში და გავრცელდა ინფორმაცია, რომ სლოვაკეთის საკონსულოში გაცემული ვიზა გერმანიაში მკვლელობის ჩასადენად გამოიყენეს, ამ ქმედებების უპასუხოდ დატოვება არ შეიძლებოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსული მხარე შესაბამის პასუხს გასცემს სლოვაკეთს.

სლოვაკეთის ნაბიჯი დადებითად შეაფასა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა. 

“სლოვაკეთმა გაგზავნა ნათელი შეტყობინება, რომ არ მოითმენდა რუსეთის პოლიტიკურად მოტივირებულ, დანაშაულებრივ ქმედებებს სლოვაკეთის და ევროპის ტერიტორიაზე”. – დაწერა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მორგან ორტაგუსმა.

ზელიმხან ხანგოშვილი, რომელსაც გერმანიის პროკურატურა თორნიკე ქავთარაშვილად მოიხსენიებს, ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა.

გერმანულმა მხარემ რუსეთს რამდენჯერმე მიმართა გამოძიებაში დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, 4 დეკემბერს გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით იგივე ზომები მიიღო მოსკოვმაც.

კომენტარები