ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

ბელარუსის სამთავრობო მედიამ სვეტლანა ტიხანოვსკაიას ვიდეო მიმართვა გაავრცელა

tass

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ვიდეო მიმართვა ჩაწერა, რომელშიც თავის მხარდამჭერებს კეთილგონიერებისკენ და კანონის პატივისცემისკენ მოუწოდა. მან დემონსტრანტებს სთხოვა, არ გამოსულიყვნენ მოედნებზე და არ ჩაეგდოთ თავი საფრთხეში.

ვიდეო მიმართვა წყაროს მითითების გარეშე სამთავრობო ტელეგრამ-არხმა Жёлтые СЛИВЫ გაავრცელა. გაურკვეველია სად და როდის არის გადაღებული ვიდეო. ვიდეოში ტიხანოვსკაია მიმართვის ტექსტს ფურცლიდან კითხულობს და კამერაში არ იყურება.

“მე, სვეტლანა ტიხანოვსკაია, მადლობას გიხდით, ქვეყნის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობისთვის. ბელარუსის ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა. მადლიერებითა და სითბოთი მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაშ მხარს მიჭერდა. ბელარუსებო! მოგიწოდებთ კეთილგონიერებისკენ და კანონის პატივისცემისკენ. მე არ მსურს ძალადობა და სისხლის ღვრა. გთხოვთ, წინააღმდეგობას ნუ გაუწევთ პოლიციას, ნუ გამოხვალთ მოედნებზე და ნუ დააყენებთ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის წინაშე. გაუფრთხილდით საკუთარ თავსა და ახლობლებს”. – განაცხადა ტიხანოვსკაიამ.

ცნობილია, რომ ოპოზიცის საპრეზიდენტო კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა და ლიტვაში იმყოფება. ქვეყნის დატოვებამდე ის ცენტრალურ საარჩევნო კომიტეტში მივიდა, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ოფიციალური საჩივრის შესატანად.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ შედეგებს არ აღიარებს და თავი არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80.23% მიიღო, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი ხმების 9.9% მოიპოვა.

მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და მთავრობას არჩევნების გაყალბებაში სდებს ბრალს.

კომენტარები