აშშ-ჩინეთი

ტრამპი სი ძინფინგზე: მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, Covid-19-ის შემდეგ ეს შეიცვალა

დონალდ ტრამპი / სი ძინპინი

11 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგისადმი მის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"მე მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა... პრეზიდენტ სისთან დიდებული ურთიერთობა მქონდა. მომწონს, თუმცა ეს ახლა ასე აღარაა." – თქვა ტრამპმა. 

ტრამპის თქმით, მისი გრძნობები ახალი კორონავირუსის შემდეგ შეიცვალა. 

"ცხადია, მე განსხვავებულად ვგრძნობ. მე ძალიან, ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და მე მასთან დიდი ხანია არ მილაპარაკია." – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. 

ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების შემდგომი ზიანი უარესია, ვიდრე ვაჭრობაზე კონფლიქტი - "ეს ათასჯერ უარესია, ვიდრე ის, რაც სავაჭრო შეთანხმებაზე მოხდა, ამდენი სიკვდილით... მსოფლიოს გაჩერება მოუწია. ეს სამარცხვინოა".

ახალმა კორონავირუსმა დადასტურებულად უკვე 20 მილიონზე მეტი ადამიანი დააავადა. ვირუსს სულ მცირე 735 469 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აშშ-ში ვირუსი 5 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 163 160 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა.

ამჟამად, ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია და არამხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების, არამედ ჰონგ-კონგის, ტაივანის, სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების საკითხის გამო და სხვ.

კომენტარები