შსს-ს 11 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, Covid-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, 11 თანამშრომლიდან 7 საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომელია, 3 შემთხვევა დადასტურდა მესტიის მუნიციპალიტეტში: ახალი კორონავირუსი მეხანძრე-მაშველს, დაცვის პოლიციელს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს დაუდასტურდა, ხოლო მე-11 თბილისში დაცვის პოლიციის ინსპექტორს დაუდგინდა.

უწყების ინფორმაციით, ყველა ამ თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 20-ზე მეტი თანამშრომელი უკვე გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში. გრძელდება მათი კონტაქტების აქტიური კვლევა.

"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შვიდივე თანამშრომელი დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ყველა მათგანი გადაყვანილია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

აღნიშნულ თანამშრომელთა სამუშაო სივრცეებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა სამსახურებრივი ავტოტრანსპორტი.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სამუშაო რეჟიმის დროს, მოქალაქეებთან ურთიერთობისას, მკაცრად იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და უსაფრთხოების პროტოკოლით განსაზღვრულ ნორმებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით, კორონავირუსზე მიზნობრივი ტესტირება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს მუდმივ რეჟიმში უტარდებათ". – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1264 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1054 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

კომენტარები