ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მესტიის მუნიციპალიტეტში 4 000-მდე ადამიანს გამოვიკვლევთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტში, კვირის ბოლომდე, კორონავირუსზე 4 000 პირის გამოკვლევა იგეგმება.

გამყრელიძის განმარტებით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, იქნებიან თუ არა ინფიცირებულები და თუ კი – რამდენი, უკვე უახლოესი სამოქმედო გეგმა შედგება, თუ როგორი იქნება შემზღუდავი ღონისძიებები, რა სიმკაცრის.

"განვსაზღვრეთ დაახლოებითი სამიზნე კონტიგენტი, რომელიც უნდა იქნეს გამოკვლეული. თითქმის დავასრულეთ თვითონ სოფელი ლენჯერის გამოკვლევა, ასევე, დაბა მესტიაში, ასევე უშგულსა და კიდევ რამდენიმე სოფელში, დაახლოებით, 4 000-მდე განვსაზღვრეთ სამიზნე ადამიანი განვსაზღვრეთ, რომლებსაც გამოვიკვლევთ, როგორც ადგილობრივი, ისე ტურისტები". – ამბობს გამყრელიძე.

10 აგვისტოს ახალი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში დადასტურდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქნება შესაძლებელი. მუნიციპალიტეტის დატოვების შემთხვევაში კი მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო კარანტინს.

კერძოდ, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ასევე, საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენჯერში, რაც ამ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მესტიაში, 18 სასტუმროში საკარანტინო სივრცეები მოეწყობა. უკვე მზად არის ჯამში 327 ოთახი.

კომენტარები