კამალა ჰარისი

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, კამალა ჰარისის პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით

PBS

2019 წელს, როდესაც აშშ-ს დემოკრატიული პარტიის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა წამოაყენა, Council on Foreign Relations-ი მას საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გაესაუბრა. ინტერვიუს დროს უკრაინაში რუსეთის აგრესიის საკითხი დაისვა. კამალა ჰარისმა ისაუბრა რუსეთის აგრესიაზე უკრაინასა და საქართველოში, უკანონო უწოდა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას და განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში დონალდ ტრამპისგან განსხვავებით წინ აღუდგებოდა პუტინს.

"უკრაინაშიც და საქართველოშიც რუსეთმა გამოიყენა სამხედრო ძალა ტერიტორიის დასაკავებლად და დემოკრატიულად არჩეული მთავრობისთვის ძირის გამოსათხრელად. რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაცია, რუსეთის მხრიდან უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების და კიბერშეტევების მხარდაჭერა უხეში დარღვევაა იმ საერთაშორისო ნორმების, რომლითაც მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხელმძღვანელობს. ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთის აგრესიის გამო. მათ შორის 298 სამოქალაქო პირი, რომლებიც 2014 წელს დაიღუპნენ, როდესაც რუსეთმა მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოაგდო.

როგორც პრეზიდენტი გავაგრძელებდი უკრაინის მხარდაჭერას და უზრუნველვყოფდი აშშ-ს მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ცალსახა მხარდაჭერას. ასევე პრიორიტეტს მივანიჭებდი უკრაინის მთავრობასთან თანამშრომლობას უკრაინის შეირაღებული ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად და კორუფციასთან საბრძოლველად. პარალელურად მჭიდროდ ვითანამშრომლებდი ევროპელ პარტნიორებთან, რომ პრობლემის დიპლომატიური გადაწყვეტა მომეძებნა. და თეთრი სახლის ამჟამინდელი მკვიდრისგან განსხვავებით წინ აღვუდგები პუტინს დემოკრატიული ფასეულობების, ადამიანის უფლებების და საერთაშორისო სამართლის დასაცავად". – განაცხადა ინტერვიუში კამალა ჰარისმა.

კალიფორნიის დემოკრატი სენატორი, კამალა ჰარისი აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა, ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.

კამალა ჰარისი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა, თუმცა 2019 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ არჩევნებს გამოეთიშებოდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად ჰარისმა ფინანსური პრობლემები დაასახელა. 2020 წლის მარტში კამალა ჰარისმა მხარი დაუჭირა ჯო ბაიდენს.

2017 წლიდან კამალა ჰარისი კალიფორნიის სენატორია და სენატში მყოფი ერთადერთი შავკანიანი ქალია. მანამდე მას კალიფორნიაში პროკურორის თანამდებობა ეკავა.

კომენტარები