კორონავირუსი საქართველოში

გახარია: ყაზბეგში შეზღუდვების დაწესებას არავინ აპირებს, ეს არის მხოლოდ ჭორები

"რაღაც ჭორები ვრცელდება სხვადასხვა მედიასივრცეებში, რომ მთავრობა ყაზბეგში აპირებს შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ არანაირი რისკი არ არსებობს". – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინატო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.  

გახარია ამბობს, რომ დღეს ყაზბეგში, ისევე, როგორც ლარსის გამშვებ პუნქტზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება და "ამიტომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჭორები და არავინ არ აპირებს ყაზბეგში რაიმე შეზღუდვების დაწესებას".

"მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ ამ საერთაშორისო გადაზიდვების ტრანსპორტის მძღოლების ტესტირება, დღეის მონაცემებით, 54 205 მძღოლს ჩაუტარდა ტესტირება, რომელთაგანაც ვირუსი დაუდასტურდა 788 ადამიანს. შეიძლება გვეგონოს ეს არ არის დიდი ციფრი, მაგრამ ქვეყანაში უკონტროლოდ შემოსული ერთი ასეთი ადამიანი შეიძლება ყოფილიყო უდიდესი გამწვავების შედეგი. ეს ის მიმართულებებია, რომელიც დიდი ყურადღებით და დიდი სიფრთხილით უნდა ვაკონტროლოთ". – ამბობს გიორგი გახარია. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა 11 აგვისტოს თქვა, რომ ლარსის საბაჟოზე ახალი კორონავირუსის 5 შემთხვევა დადასტურდა, პირების დაინფიცირების პირველწყარო კი "დაახლოებით" ცნობილია. 

"გარკვეულწილად, ერთი კლასტერი ყალიბდება, რომელიც ლარსის საბაჟოსთან არის დაკავშირებული". – თქვა ამირან გამყრელიძემ. 

კომენტარები