კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ყაზბეგსა და მესტიაში განსხვავება ისაა, რომ ყაზბეგში პროფესიული ჯგუფია ინფიცირებული

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, მესტიასა და ყაზბეგში კორონავირუსით ინფიცირების მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებით ის განსხვავებაა, რომ ყაბზეგში მაღალი რისკის მქონე პროფესიული ჯგუფები არიან ინფიცირებული. 

იმნაძის თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს - მესაზღვრეებს, ყოველდღიურად აქვთ შეხება კორონავირუსით ინფიცირებულებთან, რადგან იქ შემოდიან ტრაილერის მძღოლები, ასევე, რუსეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები. 

" მოგეხსენებათ, 110-ზე მეტი ინფიცირებული ტრაილერის მძღოლი არის გამოვლენილი, მათი უმრავლესობის ტესტირება სწორედ საზღვარზე ხდება. 

გარდა ამისა, უამრავი ჩვენი თანამოქალაქე ბრუნდება რუსეთიდან, ზაფხულია, მათ შორის არის ძალიან ბევრი ინფიცირებული, რომლებიც საკარანტინე ზონებში გადადიან და იქიდან ვავლენთ, მაგრამ ეს ადამიანები ყველა გადიან ამ მესაზღვრეებს. პროფესიული რისკი მათ აქვთ მაღალი. ეს არის განსხვავება მესტიასა და ყაზბეგს შორის". – ამბობს იმნაძე. 

მესტიის მუნიციპალიტეტის მსგავსად, ყაზბეგის ჩაკეტვაზე დღეს, 12 აგვისტოს, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ "ეს არის ჭორი, ყაზბეგში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება და არავინ არ აპირებს ყაზბეგში რაიმე შეზღუდვების დაწესებას". 

10 აგვისტოს ახალი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში დადასტურდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქნება შესაძლებელი. მუნიციპალიტეტის დატოვების შემთხვევაში კი მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო კარანტინს.

კერძოდ, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ასევე, საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენჯერში, რაც ამ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მესტიაში, 18 სასტუმროში საკარანტინო სივრცეები მოეწყობა. უკვე მზად არის ჯამში 327 ოთახი.

კომენტარები