ტიკარაძე რუსულ ვაქცინაზე: ველოდებით კვლევებს, გადაწყვეტილებას პარტნიორებთან ერთად მივიღებთ

ეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს რუსეთში შექმნილ ახალი კორონავირუსის "ვაქცინაზე" დაუსვეს კითხვა. მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო კვლევებს დაელოდება და გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მიიღებს. 

"დამოკიდებულება ვაქცინის მიმართ ჩემიც არის ანალოგიური, როგორიც ბატონი პაატასი [იმნაძე]. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პრეპარატი, იქნება ეს მედიკამენტი, თუ ვაქცინა, იყოს გამყარებული საჭირო კვლევებით და ჩვენ ჯერ დაველოდებით, რა თქმა უნდა, კვლევებს და შემდეგ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას". – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 11 აგვისტოს თქვა, რომ რუსეთმა ოფიციალურად დაამტკიცა მოსკოვში არსებული, გამალეია ინსტიტუტის მიერ განვითარებული კორონავირუსის ვაქცინა. 

ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ ვაქცინამ ყველა საჭირო შემოწმება გაიარა. 

რუსეთის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ მისმა ერთერთმა ქალიშვილმა ვაქცინა უკვე გაიკეთა. პუტინის თქმით, მას ოდნავ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, თუმცა ახლა თავს უკეთ გრძნობს. 

"მე ვიცი, რომ ეს ძალიან ეფექტურად მოქმედებს, ქმნის ძლიერ იმუნიტეტს და ვიმეორებ, ყველა საჭირო შემოწმება გაიარა." – თქვა პუტინმა. 

ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ ქვეყანა მალე ვაქცინის მასობრივ წარმოებას დაიწყებს. 

CNN წერს, რომ მანამდე რუსეთის ოფიციალურმა პირებმა მედიასთან განაცხადეს, რომ ვაქცინის გადამწყვეტი მე-3 ფაზა მას შემდეგ ჩატარდება, რაც სახელმწიფო ვაქცინას დაამტკიცებს. მესამე ეტაპი ვაქცინის ათასობით პაციენტზე გამოცდას მოიცავს. 

რუსეთს ვაქცინის ტესტირებაზე სამეცნიერო ინფორმაცია არ გაუზიარებია. 

გასულ თვეს Reuters-ი ერთერთ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ რუს მედიკოსებს, რომლებიც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს კურნავენ, ვაქცინის დამტკიცების შემდეგ მალევე შესთავაზებენ ვაქცინას. 

მსოფლიოში ამჟამად 100-ზე მეტ ვაქცინას ავითარებენ, რათა ახალი კორონავირუსის პანდემია შეაჩერონ. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სულ მცირე 4 მათგანი გამოცდის მესამე ეტაპზეა. 

კომენტარები