ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

ასლან ბჟანიამ გამარჯვება მიულოცა ლუკაშენკოს, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ალექსანდრ ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში "დამაჯერებელ გამარჯვებას" ტელეგრამით ულოცავს.

"ძვირფასო ალექსანდრ გრეგორიევიჩ! გილოცავთ, 2020 წლის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას. შედეგები ხალხის მაღალ ნდობასა და მხარდაჭერას აჩვენებს". – წერს ბჟანია.

ბჟანია აღნიშნავს, რომ, მიუხედავად ოკუპირებულ აფხაზეთსა და ბელარუსს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობისა, "ორ ქვეყანას" სხვადასხვა სფეროში ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს და იმედოვნებს, რომ ეს ურთიერთობა მომავალში უფრო მჭიდრო გახდება. 

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, მიზეზად კი აღიარების შემთხვევაში ბელარუსის შესაძლო იზოლაცია დაასახელა.

საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80.23% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 9.9%, რასაც ხალხის მასობრივი პროტესტი მოყვა. პოლიციამ აქციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი, ხოლო დაშავდა ათობით ადამიანი.

კომენტარები