რუსეთი

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაზე: უცხოელი კოლეგები უსაფუძვლო აზრებს გამოხატავენ

Reuters

"როგორც ჩანს, ჩვენი უცხოელი კოლეგები გრძნობენ რუსეთის წამლის კონკურენტულ უპირატესობას და ცდილობენ გამოხატონ აზრები, რაც ჩვენი აზრით, სრულიად უსაფუძვლოა." – თქვა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხაილ მურაშკომ, 11 აგვისტოს რუსეთის მიერ დამტკიცებული ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მოსკოვის გამალეიას ინსტიტუტის მიერ განვითარებული ვაქცინის, რომელიც რუსეთმა გუშინ დაამტკიცა, პირველ პაკეტებს შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, პირველ რიგში, ექიმები მიიღებენ. 

CNN წერს, რომ მანამდე რუსეთის ოფიციალურმა პირებმა მედიასთან განაცხადეს, რომ ვაქცინის გადამწყვეტი მე-3 ფაზა მას შემდეგ ჩატარდება, რაც სახელმწიფო ვაქცინას დაამტკიცებს. მესამე ეტაპი ვაქცინის ათასობით პაციენტზე გამოცდას მოიცავს. 

აღსანიშნავია, რომ ვაქცინას ადამიანებზე დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ტესტავდნენ.

რუსეთს ვაქცინის ტესტირებაზე სამეცნიერო ინფორმაცია არ გაუზიარებია. 

გამალეია ინსტიტუტის დირექტორმა, ალექსანდერ გინტსპურგმა თქვა, რომ კლინიკური ცდების შესახებ მას შემდეგ გამოაქვეყნებენ ინფორმაციას, რაც რუსეთის ექსპერტები მას შეაფასებენ. 

მისვე თქმით, დეკემბერ-იანვრის თვემდე ქვეყანა თვეში 5 მილიონი დოზის წარმოებას გეგმავს. 

Reuters-ი წერს, რომ კლინიკური ცდების დაახლოებით 10% არის წარმატებული და ზოგი მეცნიერი შიშობს, რომ მოსკოვი, შესაძლოა, ეროვნულ პრესტიჟს უსაფრთხოებაზე წინ აყენებს.

12 აგვისტოს ამერიკის ჯანმრთელობის მდივანმა, ალექს აზარმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინის განვითარება არ არის რბოლა, რომელშიც პირველი უნდა იყო.

აზარმა თქვა, რომ აშშ-ს მთავრობა ეკონომიკის, ბიოფარმაცევტული ინდუსტრიის ძალებით მუშაობს, რათა ამერიკელი და მსოფლიოს ხალხისთვის რაც შეიძლება სწრაფად განავითაროს ვაქცინა, რომელიც უსაფრთხო და ეფექტური იქნება.

პარალელურად, ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ აღნიშნულმა ვაქცინამ ყველა საჭირო შემოწმება გაიარა. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მისმა ერთერთმა ქალიშვილმა ვაქცინა უკვე გაიკეთა. პუტინის თქმით, მას ოდნავ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, თუმცა ახლა თავს უკეთ გრძნობს. 

აღსანიშნავია, რომ თვის ბოლოს ყაზახეთის მთავრობის წარმომადგენლები მოსკოვში გამგზავრებას აპირებენ, რათა ვაქცინის შესაძლო შესყიდვის საკითხი განიხილონ. 

მსოფლიოში ამჟამად 100-ზე მეტ ვაქცინას ავითარებენ, რათა ახალი კორონავირუსის პანდემია შეაჩერონ. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სულ მცირე 4 მათგანი გამოცდის მესამე ეტაპზე არიან.

კომენტარები