ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

ბელარუსის შსს-მ დაწერა, რომ აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს, შემდეგ კი პოსტი შეცვალა

Евгений Ерчак / EPA / Scanpix / LETA

ბელარუსის შსს-ს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ქალაქ ბრესტში აგრესიული დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. მოგვიანებით ამ ინფორმაციის შემცველი პოსტი ჩასწორდა და განცხადებიდან ამოიღეს სიტყვა ცეცხლსასროლი. ინფორმაცია Meduza-მ გაავრცელა. ინციდენტის შესახებ წერს BBC-ც.

"ბრესტში პოლიციის თანამშრომლებს არმატურით ხელში თავს დაესხა აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების ჯგუფი. გამაფრთხილებელმა გასროლამ ჰაერში ისინი არ შეაჩერა. [პოლიციის] თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით იარაღი დამიზნებით ისროლეს. თავდამსხმელებიდან ერთერთი დაჭრილია". – ვკითხულობთ ახლა შსს-ს განცხადებაში.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80.2% დააგროვა. აქციების დასაშლელად საგანგებო დანიშნულების რაზმი აქტიურად იყენებს ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს, ხმოვან ყუმბარებსა და წყლის ჭავლს. მინსკში ბარიკადების დასაშლელად მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა. სპეციალური დანიშნულების რაზმმა ალყაში მოაქცია და ჩაკეტა მინსკის ცენტრალური უბნები, სადაც დემონსტრაციების პირველ დღეებში, განსაკუთრებულად, დიდი რაოდენობით ხალხი შეიკრიბა. დემონსტრანტებმა ქალაქის გარეუბნებში გადაინაცვლეს.

10 აგვისტოს ღამეს დაიღუპა ერთი დემონსტრანტი. ბელარუსის შსს-ს ინფორმაციით, მას ხელში “გაურკვეველი ასაფეთქებელი მოწყობილობა” აუფეთქდა. 11 აგვისტოს დემონსტრანტის დაღუპვის ადგილზე აქციის წევრებმა ყვავილები მიიტანს. ისინი პოლიციამ დაარბია.

გაიზარდა დაშავებულთა და დაპატიმრებულთა რიცხვი. 9 და 10 აგვისტოს მონაცემებით, ბელარუსის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში 5000-მდე ადამიანი დააპატიმრეს. ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტოს განცხადებით, საავადმყოფოებში აქციებზე დაშავებულთა რიცხვი 200-მდე აღწევს.

ადგილობრივი მედია საშუალებების ინფორმაციით, აქტიურად იჭერენ და თავს ესხმიან ჟურნალისტებს. ბელარუსში დააკავეს დაახლოებით 50 ჟურნალისტი. მინსკში თავს დაესხნენ BBC-ს, Associated Press-ისOnliner-ის Tut.by-ის, Наша Нива-სБелсат-ის და КП-Беларусь-ის ჟურნალისტებს. ჟურნალისტებს, რომლებსაც ჰქონდათ აკრედიტაცია, უმტვრევდნენ კამერებს და ართმევდნენ მეხსიერების ბარათებს ფოტო და ვიდეო მასალით.

კომენტარები