არასრულწლოვნის მოტაცება

ადვოკატის ინფორმაციით, გორში "მოტაცებული" 17 წლის გოგო იპოვეს

საფარის ადვოკატ თამარ ლუკავას ინფორმაციით, გორში "მოტაცებული" 17 წლის გოგო იპოვეს და პოლიციის განყოფილების მიმართულებით მიჰყავთ.

ლუკავა ტაბულასთან ამბობს, რომ მას კონტაქტი არასრულწლოვნის დეიდასთან აქვს და ინფორმაცია სწორედ მისგან მიიღო.

ადვოკატი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ერთადერთი მოთხოვნაა, რომ გოგო ფსიქოლოგის და საპროცესო წარმომადგენლის ჩართულობით გამოიკითხოს, "ვინაიდან ასეთი ტიპის დანაშაულზე რეკომენდირებულია საპროცესო წარმომადგენლის ჩართულობა, რადგან ბავშვი გაიხსნას და გამოძიებას სრულყოფილი ჩვენება მისცეს".

მისივე ინფორმაციით, თავად გამტაცებელს მიჰყავს არასრულწლოვანი რაჭიდან გორის მიმართულებით პოლიციაში. ადვოკატი ითხოვს, რომ გატაცებული უახლოეს განყოფილებაში გამოიკითხოს ან თავად სამართალდამცველები მივიდნენ ადგილზე და მათ წამოიყვანონ გორში.

"ვინაიდან საკმაოდ დიდი მანძილია და იმისთვის, რომ სხვა დანაშაული ავიცილოთ თავიდან და არ მოხდეს ფსიქოლოგიური ზეწოლა და ამან არ იმოქმედოს შემდგომში მის მიერ ჩვენების მიცემაზე, ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ტრანსპორტირება მოხდეს პოლიციის მიერ, ან მიყვანილი იქნეს გოგონა უახლოეს განყოფილებაში". – ამბობს თამარ ლუკავა

11 აგვისტოს გორში 17 წლის გოგო "მოიტაცეს". ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით დაიწყო. რაც დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

კომენტარები