კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მესტიაში გამოკვლევის შედეგად კორონავირუსი 600-დან 1 პირს დაუდასტუდა

იმედი

სვანეთში, მესტიის რაიონში კოვიდ-19-ზე შემოწმებული 600 ადამიანიდან ახალი კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა. 

"დღეს დასრულდა 600 ნიმუშის ტესტირება და აქედან მხოლოდ ერთია დადებითი, ისიც ლენჯერის კლასტერს უკავშირდება. ვიდრე, დარჩენილი 300 ნიმუშის პასუხი არ იქნება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფექცია ძირითადად ამ თემის ერთ-ერთი დასახლებაში არის კონცენტრირებული. ამიტომაც, ამ დასახლებაში მკაცრი საკარანტინო ზომები ტარდება, სრულიად აკრძალულია შესვლა-გამოსვლა". – ამბობს გამყრელიძე. 

გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს უახლოეს დღეებში დამატებით 1 100 ტესტის პასუხი ეცოდინება, აქედან გუშინ ჩატარებული 300 ტესტის პასუხი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, ხოლო დღეს ჩატარებული 800 ტესტის ხვალ.

"დღევანდელი ნიმუშების ტესტირების შემდეგ გვექნება კარგი სურათი, თუ რა ხდება ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში. იმედია, რომ ყველაფერი კარგად იქნება“. – თქვა ამირან გამყრელიძემ.

10 აგვისტოს ახალი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში დადასტურდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით,  მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქნება შესაძლებელი. მუნიციპალიტეტის დატოვების შემთხვევაში კი მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო კარანტინს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

კერძოდ, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ასევე, საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენჯერში, რაც ამ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს.

რა შეზღუდვები წესდება მესტიაში სრულად ნახეთ აქ. 

 

კომენტარები