ვაკის მაჟორიტარული ოლქი

ხოშტარია: ლელოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, მაგრამ ჩემს დამოკიდებულებას არ ცვლის

ტაბულა

ვაკის ოლქში ოპოზიციური პარტიების საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, ლელოს მიერ ამავე ოლქში საკუთარი კანდიდატის წარდგენას ეხმაურება.

ხოშტარია წერს, რომ მიუხედავად ამ გადაწყვეტილების მოულოდნელობისა, ლელოს მიმართ მის დამოკიდებულებაზე ეს გავლენას ვერ მოახდენს.

"ლელოს მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო ნამდვილად, თუმცა ეს ვერანაირ ჩრდილს ვერ მიაყენებს ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ. მიმაჩნია, რომ ლელოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია საერთო კოალიციისთვის და მომავალი მრავალფეროვანი მმართველობისთვის!

არის პატარა და დიდი საკითხები. მთავარზე ვკონცენტრირდეთ და შევცვალოთ ეს მთავრობა უკეთესით, დაბალანსებული ძალაუფლებით." - წერს ხოშტარია.

12 აგვისტოს ლელო საქართველომ ვაკის საარჩევნო ოლქში წარადგინა ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ლევან კობერიძე. ის პარტიას სამი დღის წინ შეუერთდა.

24 ივნისს ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, რომელიც ლეიბორისტული პარტიის მაგიდის ირგვლივ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მოლაპარაკებებში იყო ჩართული, თქვა, რომ პარტია 30-ვე საარჩევნო ოლქში ემზადებოდა კანდიდატების დასაყენებლად, თუმცა, შესაძლებელი იყო, რომ გაეთვალისწინებინათ ზოგიერთი კანდიდატი და მათთვის კონკურენტი არ დაეყენებინათ.

მამუკა ხაზარაძე მაშინ ამბობდა, რომ ერთ-ერთ ასეთ კანდიდატად სწორედ ელენე ხოშტარია განიხილება, რომლის მიმართაც სიმპათიითა განწყობილი. 

კომენტარები