ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

ბელარუსში პროტესტი გრძელდება, აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა

Валерий Шарифулин / ТАСС / Scanpix / LETA

ბელარუსში საპროტესტო დემონსტრაციები გრძელდება. პროტესტის წინა დღეებთან შედარებით გაცილებით ნაკლები ადამიანი დააკავეს.

საავადმყოფოში გარდაიცვალა აქციაზე დაკავებული 25 წლის ახალგაზრდა. ის ქალაქ გომელში დააკავეს. სასამართლოს შემდეგ ახალგაზრდა კაცი ცუდად გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სიკვდილის ზუსტი მიზეზი უცნობია. თუმცა გარდაცვლილი ალექსანდრ ვიხორის დედის ცნობით, მას გულის პრობლემები ჰქონდა და თუ დიდხანს იყო დაკავებული პოლიციის ფურგონში, შესაძლოა, ცუდად გამხდარიყო. გარდაცვლილის დედის განცხადებით, ის არ მონაწილეობდა დემონსტრაციებში და შეყვარებულის სანახავად მიდიოდა, როცა დააპატიმრეს.

დღისით მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა სოლიდარობის აქციები, რომლებშიც ძირითადად ქალები მონაწილეობდნენ და ცოცხალ ჯაჭვს ქმნიდნენ. “სოლიდარობის ჯაჭვის” მონაწილეებს პოლიცია არ არბევდა. აქტიური დაპირისპირება ხალხსა და საგანგებო დანიშნულების რაზმის წევრებს შორის არ მომხდარა. წინა დღეებთან შედარებით შემცირებული იყო დემონსტრანტების რიცხვი. ხალხი სხვადასხვა ადგილას პატარ-პატარა ჯგუფებად იკრიბებოდა.

ბელარუსის შსს-ს განცხადებით აქციები მართულია, მომიტინგეებს ფულს უხდიან და ამის უკან დაპატიმრებული ოპოზიციონერის ვიკტორ ბაბარიკოს შტაბია.

ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, აქციებში კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც ახლა უმუშევრები არიან.

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა სპეციალური დანიშნულების რაზმის ყოფილი წევრების ვიდეოები, რომლებიც პროტესტის ნიშნად თავიანთ ფორმებს ყრიან.

სამთავრობო არხების რამდენიმე ჟურნალისტმა სამუშაო ადგილები დატოვა.

ბელარუსი დემონსტრანტების მხარდამჭერი აქციები გამართა ლატვიასა და რუსეთში. მოსკოვში აქცია პოლიციამ დაშალა.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80.2% დააგროვა. აქციების დასაშლელად საგანგებო დანიშნულების რაზმი აქტიურად იყენებდა ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს, ხმოვან ყუმბარებსა და წყლის ჭავლს. მინსკში ბარიკადების დასაშლელად მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა.

10 აგვისტოს ღამეს დაიღუპა ერთი დემონსტრანტი. ბელარუსის შსს-ს ინფორმაციით, მას ხელში “გაურკვეველი ასაფეთქებელი მოწყობილობა” აუფეთქდა. 11 აგვისტოს დემონსტრანტის დაღუპვის ადგილზე აქციის წევრებმა ყვავილები მიიტანს. ისინი პოლიციამ დაარბია.

აქციებზე დაპატიმრებულთა რიცხვი 6000-მდეა. ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტოს განცხადებით, საავადმყოფოებში აქციებზე დაშავებულთა რიცხვი 200-ს აღწევს.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, აქტიურად იჭერენ და თავს ესხმიან ჟურნალისტებს. ბელარუსში დააკავეს დაახლოებით 50 ჟურნალისტი. მინსკში თავს ესხმოდენ ჟურნალისტებს, მათ შორის იყვნენ BBC-ს და Associated Press-ის კორესპონდენტებიც. ჟურნალისტებს, რომლებსაც ჰქონდათ აკრედიტაცია, უმტვრევდნენ კამერებს და ართმევდნენ მეხსიერების ბარათებს ფოტო- და ვიდეომასალით.

11 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციონერი პრეზიდენტობის კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა. მოგვიანებით გავრცელდა მისი ვიდეო მიმართვა, რომელშიც მან დემონსტრანტებს კანონის დაცვის, შეკრებისგან თავის შეკავებისკენ და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა აშშ და ევროკავშირი. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა Twitter-ზე დაწერა, რომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები არ ყოფილა არც თავისუფალი და არც სამართლიანი. ფონ დერ ლეინმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გადახედავს ბელარუსთან ურთიერთობებს და მიიღებს შესაბამის ზომებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა და ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების კომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ დაგმეს ძალადობა და ბელარუსის ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

კომენტარები